რეზონანსი
17.11.2025

ფიზიკური შეურაცხყოფა, იძულება, მუქარა - 17 წლის მოზარდს მისივე ასაკის გოგო გაუსწორდა, მომხდარზე საუბარი კი სასტიკად აუკრძალა. დაშინებულმა ალაპარაკება მაინც შეძლო - მომხდარი ჯერ დედას უამბო, შემდეგ - პოლიციას.

"კურიერი P.S.-ი" ბათუმში მსხვერპლი მოზარდის ოჯახის თხოვნით ჩავიდა. გოგონამ, დედის თანხმობით და თანდასწრებით, მომხდარზე საჯაროდ საუბარიც გადაწყვიტა.

9 ნოემბერი, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია... ეს შემთხვევის ადგილია. 17 წლის გოგონა ნაცნობმა თანატოლმა სწორედ ამ ტერიტორიაზე მიიყვანა, უთხრა, რომ აქ სათვალთვალო კამერები არ არის და მოქმედებაზე გადავიდა.

შეშინებული მოზარდი მეთევზეებმა გადაარჩინეს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ, თუმცა მოძალადე არასრულწლოვანმა ისინი ვერ შენიშნა.

სავარაუდო დამნაშავეს ბათუმში ყველა იცნობს. მის ანგარიშზე არაერთი დანაშაულია. მათ შორის, თბილისის ცენტრში, 13 წლის ბავშვის ცემის ფაქტი, რაც "კურიერი P.S.-მა" რამდენიმე თვის წინ გააშუქა. მაშინ ბათუმელმა არასრულწლოვანმა საპატიმრო სასჯელს თავი ასაკის გამო დააღწია.

ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მოძალადე არასრულწლოვანს ბათუმელ მოზარდებთან ურთიერთობა გაუფუჭდა. 

რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტზე აჭარის პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი უკვე გამოჰკითხეს. "კურიერი P.S.-მა" მასთან გასაუბრება სცადა, ჟურნალისტი მივიდა სახლში, სადაც არასრულწლოვანი მეგობართან ერთად ცხოვრობს, თუმცა კარი არავინ გააღო. თქვეს, რომ ის დიდ დროს ქუჩაში ატარებს - თუმცა სავარაუდოდ იცოდა, რომ ჟურნალისტი ამბის გასაშუქებლად ჩავიდა და კამერას ქუჩაშიც დაემალა.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ნაცემ ბავშვს. მას დაზარალებულის სტატუსს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიანიჭებენ, რის შემდეგაც საქმეში სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგიც ჩაერთვებიან.

მსხვერპლი მოზარდის დედა ახლა მხოლოდ შვილის უსაფრთხოებას ითხოვს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×