რეზონანსი
18.11.2025

ეკონომიკური გაძლიერების და განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეალურად საუბარი, სწორედ ეკონომიკური სიძლიერე სჭირდება ქვეყანას, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, შეძლოს იმ რეფორმების გატარება, რაც სჭირდება ევროკავშირში წევრობას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მიდის სწორი მიმართულებით და 2030 წელს იქნება ყველაზე მეტად მომზადებული ევროკავშირში წევრობისთვის.

„ციფრები ყოველთვის მიუთითებს, რომ ძალიან რთულია, მოატყუო საზოგადოება და დამალო სიმართლე. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, სადაც უარი თქვა საქართველოს ეკონომიკური მიმართულებების შეფასებაზე და, რეალურად, ეს ანგარიში არ ასახავს იმ რეალურ სურათს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი აქვეყნებს პროგნოზებს, თუ როგორია კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზი, სადაც სულ სხვა სურათი იხატება და ძალიან კარგად ჩანს, თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გაფართოების კონტექსტშიც.

ეკონომიკური გაძლიერების და განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე რეალურად საუბარი. ევროკავშირის წევრობაზე როდესაც ვსაუბრობთ, სწორედ ეკონომიკური სიძლიერე სჭირდება ქვეყანას, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, შეძლოს იმ რეფორმების გატარება, რაც სჭირდება ევროკავშირში წევრობას.

იმის თქმა, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი და არ ახდენს გავლენას, უბრალოდ უცოდინარობა იქნება, თუ წარმოვიდგენთ, რომ ეკონომიკური გაძლიერების და განვითარების გარეშე შეძლებს რომელიმე ქვეყანა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გვერდით დადგეს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით და საქართველო არის მართალი, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა 2030 წელს იქნება ყველაზე მეტად მომზადებული ევროკავშირში წევრობისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროკომისია 2025 წელს საქართველოში IMF-ზე მაღალ, 7.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×