რეზონანსი
18.11.2025

არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს ავალდებულებდა, რომ სწორად ემართა ინვესტიციები და აქტივები. დანაშაულიც სწორად ამაშია, რომ მას უფლებამოსილებები ჰქონდა - მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იდენტიფიცირებული იყო რისკები და საფრთხეები. ეს ყველა რისკი და საფრთხე კი არ იქნა გათვალისწინებული, შედეგიც, ბუნებრივია, ამ მიმართულებით დადგა, - განუცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს, როდესაც ისაუბრა ე.წ. მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით. პროკურორის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს ამ საქმეში ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას. მისივე განმარტებით, მტკიცებულებათა მოცემულობა, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის დანაშაულს ადასტურებს, მაღალი ხარისხისაა. მისი თქმით, ეს არის უმთავრესად დოკუმენტაცია.

„ეს არის დოკუმენტაცია, რომელიც განხორციელებულ ქმედებებს, ასევე იმ ქმედებების არ განხორციელებას, რასაც ჩვენ ვედავებით, დოკუმენტურად ასახავს. ეს არის უშუალოდ გიორგი ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობით შედგენილი დოკუმენტი, ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შეიქმნა კონკრეტული რეპორტი, სადაც იყო ყველა რისკი, საფრთხე იდენტიფიცირებული და ბუნებრივია, ამის გათვალისწინება, მას როგორც უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელს, ევალებოდა. ბაჩიაშვილს ვედავებით გულგრილობას. აბსოლუტურად ყველა მმართველობითი რგოლის წარმომადგენელმა, ვინც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხნენ, გარკვეული ინფორმაცია მისცეს, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ ასეთი მმართველობითი ორგანოები, ხშირ შემთხვევაში, ფიქტიური ხასიათის იყო და სინამდვილეში, არამხოლოდ ფაქტობრივ დონეზე, არამედ სამართლებრივადაც უკავშირდებოდა გიორგი ბაჩიაშვილს იმიტომ, რომ ის იყო გენერალური დირექტორი, ასევე პასუხისმგებელი ინვესტიციების და პროექტების სწორად მართვაზე. ძალიან მარტივი მოცემულობაა, ფაქტობრივ დონეზე რომ წარმოვიდგინოთ. ასევე, გარდა იმისა, რომ ის იყო გენერალური დირექტორი, რაც კანონმდებლობის მიხედვით გულისხმობს უმაღლეს მმართველობას, ამავდროულად არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც მას ავალდებულებდა, რომ სწორად ემართა ინვესტიციები და აქტივები. დანაშაულიც სწორად ამაში მდგომარეობს, რომ მას უფლებამოსილებები ჰქონდა, მან მოიწვია კონკრეტული კომპანია, რომელმაც შეადგინა რეპორტი, სადაც იდენტიფიცირებული იყო რისკები და საფრთხეები და ეს ყველა რისკი და საფრთხე არ იქნა გათვალისწინებული. შედეგიც, ბუნებრივია, ამ მიმართულებით დადგა“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

პროკურორის თქმით, პროექტის მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.

„მოცემულობა არის მარტივი - უნდა დასრულებულიყო 2019 წელს. 2025 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით, როდესაც ბრალდებულთან სისხლის სამართლებრივი დევნა მოხდა მაშინაც არ იყო პროექტი ექსპლუატაციაში შესული. მისი მომგებიანობა კატასტროფულად შემცირდა, პროცენტულ დონეზე ესეც დოკუმენტურადაა დადგენილი და ხარჯიც არაგონივრულად გაიზარდა, არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარით. ეს არის ის შედეგები, რომლებიც ერთობლიობაში შეფასებითი კატეგორიაა. ეს დანაშაული თავისი არსით, სამართლებრივად გულისხმობს სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. მისი სამსახური გულისხმობს იმას, რომ ეს პროექტი, ინვესტიციები უნდა ემართა სათანადოდ. წარდგენილი ბრალდება გულისხმობს გულგრილობას, არაჯეროვან დამოკიდებულებას“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×