
საარჩევნო ადმინისტრაციაში წარდგენილ პარტიულ სიებში მხოლოდ პარტიის წევრი შეიძლება იყოს შეყვანილი.
ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ პროექტით, ეს წესი გავრცელდება როგორც საპარლამენტო, ასევე მუნიციპალური არჩევნებისთვის წარდგენილ პარტიულ სიებზე.
პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად მხოლოდ პარტიის წევრი წარადგინოს, უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა კი, საინიციატივო ჯგუფებს ექნება. სხვა შემთხვევაში კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ან რეგისტრირებულ კანდიდატს რეგისტრაცია გაუუქმდება.
ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსის“ პროექტსა და მასზე თანდართულ საკანონმდებლო ცვლილებებს 19 ნოემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.
ახალი საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი საარჩევნო ნორმები და პროცედურები იცვლება.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე.