რეზონანსი
18.11.2025

ცხადია, ჩვენ ვხედავთ რუსულ კვალს, რუსეთს არ მოსწონს ქართული ემიგრაციის განწყობა, რადგან ის არის პრორუსული მთავრობის საწინააღმდეგო, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, საზღვარგარეთ ყოფნის პირობებში აღარ ექნებათ.

როგორც გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, მართლაც რომ გადაწყვიტონ ემიგრანტების დიდმა ნაწილმა, რომ 2-3 დღით საქართველოში ჩამოვიდნენ, ლოჯისტიკურად შეუძლებელია.

„ემიგრანტებს ვალი დაადეს, კეთილი ინებონ და ჩამოვიდნენ საქართველოშიო. დიდი ნაწილი მართლაც რომ ჩამოვიდეს 2-3 დღით საქართველოში ამის პრაქტიკული-ლოჯისტიკური საშუალებაც არაა, ეს შეუძლებელია მოხდეს. ეს არის რუსული პოლიტიკა. თქვეს, რუსეთშია ჩვენი ძალიან ბევრი თანამემამულეო და მათ თუ არ ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, უსამართლოა მათთან მიმართებაში, რომ სხვა ქვეყანაში მცხოვრებლებს მივცეთო. ეს რა დამოკიდებულებაა? ისინი არიან ამ ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეები. რუსეთში კი იმიტომ ვერ ხერხდება ჩვენი თანამოქალაქეების ჩართვა საარჩევნო პროცესში, რომ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ამის გამო სხვებიც უნდა დავსაჯოო, ამას გვეუბნება ჩვენ „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძე „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელსაც გამოეხმაურა.

„ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრძოლის ყველა გზა უნდა იყოს გამოყენებული და ბოიკოტი არის არასწორი, რაც ჩვენი აზრით 4 ოქტომბრის შემდეგაც დადასტურდა. მაგრამ ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ თუ აგვკრძალავენ, ჩვენ აკრძალვის პროცესშიც ძალიან აქტიურად ვიბრძოლებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან, საერთაშორისო სასამართლოში, რათა შევქმნათ პოლიტიკური პროცესი. თუ აგვკრძალავენ, ახლა ძალიან რთულია იმის თქმა, რა იქნება ამის კონკრეტული შედეგები. ჩვენი ბრძოლა ნამდვილად არ გაჩერდება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×