
აშშ და რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ახალ გეგმაზე მუშაობენ, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ამერიკულ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმა 28 პუნქტისგან შედგება და მასზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ მხარესთან ფარულად მუშაობს.
რუსმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ გეგმის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი რეაქცია ექნებათ გეგმაზე უკრაინელებსა და ევროპელებს“, - წერს გამოცემა.
Axios-ის ინფორმაციით, გეგმა ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება: მშვიდობა უკრაინაში, უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოება ევროპაში და აშშ-ის მომავალი ურთიერთობები უკრაინასთან და რუსეთთან.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი გეგმაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან ერთად მუშაობს.
წყაროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ უკრაინელებისთვის და ევროპელებისთვის გეგმის შესახებ ინფორმაციის გაზიარება დაიწყო.