რეზონანსი
19.11.2025

პარლამენტი იმ არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ, სპეციალურ კანონს მიიღებს.

„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ - ასე ეწოდება კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. როგორც ინიციატორები განმარტავენ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს - 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა არ ხორციელდება, არ არსებობს ჩადენილ ქმედებაზე რეაგირებისა და ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. შესაბამისად, კანონის პროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. აგრეთვე, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესისა და პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა.

პროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას. აგრეთვე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში.

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა დამხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ – ყოველ ჯერზე ექვს თვემდე ვადით.

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი უფლებამოსილი იქნება, თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე, თუმცა გადამისამართების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იქნება მის მიერ სახლის დატოვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×