რეზონანსი
19.11.2025

დეზინფორმაციული განცხადებები გვესმის ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიციაზე, რომელიც შექმნის 24 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს, რომლითაც გაიზრდება ჩვენი ეკონომიკური ბრუნვაც. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ აგენტის ბედი ზუსტად ასეთია, მან აბსოლუტური ტყუილები უნდა ილაპარაკოს, ყველაფერზე ხელი უნდა მოაწეროს და რაც მთავარია, შეასრულოს მიღებული დავალება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ქვეყანაში უნდა გაუარესდეს სოციალური ფონი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დეზინფორმაციით გამოირჩევიან ის ადამიანები, რომლებმაც ანაკლიის პორტი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მიუხედავად ვერ ააშენეს და „ცდილობდნენ ქართველი ხალხის ჯიბიდან მილიონნახევრის ამოღებას“.

„ჩვენ გვესმოდა არაერთი დეზინფორმაციული განცხადება, რომელიც მიმართული იყო ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ქსენოფობიური განცხადებები, მაგალითად, თბილისში ჩინური ქალაქის აშენებასთან დაკავშირებით - არავითარი „ჩაინა- თაუნი“ არ არსებობს თბილისში. ჩვენ გვესმოდა იგივე აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარი იყო „დირსის“ პროექტის აშენებაზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც არიან მესაკუთრეები სხვადასხვა უძრავი ქონებისა. გვესმოდა და გვესმის ახლა ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიციაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება, რომელიც შექმნის 24 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს, ხოლო 8000 ათას მუდმივ სამუშაო ადგილს, რომლითაც გაიზრდება ჩვენი ეკონომიკური ბრუნვაც, ამავდროულად, გაიზრდება შემოსულობებიც ბიუჯეტში. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ აგენტის ბედი ზუსტად ასეთია, მან აბსოლუტური ტყუილები უნდა ილაპარაკოს, ყველაფერზე ხელი უნდა მოაწეროს და რაც მთავარია, შეასრულოს მიღებული დავალება, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ქვეყანაში უნდა გაუარესდეს სოციალური ფონი, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდეს. სწორედ ამას ამბობს ლორა თორტონი პირდაპირ, ღიად და ამ დავალებას ასრულებს ახლა, მაგალითად, ხანდაზმული თაღლითი ჯაფარიძე იქნება, თუ ხაზარაძე. სხვათა შორის ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ცდილობდნენ, რომ ამოეღოთ მილიარდნახევარი და საკუთარ ჯიბეებში ჩაედოთ და შესაბამისად, ამ ადამიანებს არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა „ინვესტიცია“ საერთოდ ახსენონ. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც არ და ვერ ააშენეს ანაკლიის პორტი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველანაირად დაუდგა მათ გვერდში, მათ შორის, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების დონეზეც კი და ამ ადამიანებმა არაფერი გააკეთეს პორტის ასაშენებლად და პასუხისმგებლობისგან გასაქცევად აქვთ ნათქვამი, რომ პოლიტიკაში ამის გამო მოვედითო, ამ მორალის ადამიანებზე გვაქვს ჩვენ საუბარი“, - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×