
უკრაინის უმაღლესმა რადამ იუსტიციის მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.
უკრაინული მედიის ცნობით, გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 323-მა წევრმა დაუჭირა.
მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ გალუშჩენკოს გათავისუფლება ხდება კონსტიტუციის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-12 პუნქტის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ რადას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის წევრების გათავისუფლების შესახებ.
უმაღლესი რადას სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის განმარტებით, რადამ 2025 წლის 12 ნოემბერს მიიღო უკრაინის პრემიერ-მინისტრისგან შუამდგომლობა ჰერმან გალუშჩენკოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თუმცა, შუამდგომლობაში გათავისუფლების მიზეზები მითითებული არ იყო.
რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ვერ დაესწრება დღევანდელ საპარლამენტო მოსმენას, რომელზეც გალუშჩენკოს და ენერგეტიკის მინისტრის, სვიტლანა ჰრინჩუკის გადადგომის საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, პარლამენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, სხდომაზე არ მივიდნენ გალუშჩენკო და ჰრინჩუკი. სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
გალუშჩენკოს გადადგომის შესახებ კენჭისყრის შემდეგ სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ მან უკვე მოაწერა ხელი ამ საკითხთან დაკავშირებით დადგენილებას.
ამასთან, უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ენერგეტიკის მინისტრი, სვიტლანა ჰრინჩუკიც. მის გათავისუფლებას მხარი 315-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს კომპანია „ენერგოატომში“ მასშტაბური მითვისების სქემის მონაწილეებს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები. ეს ჩანაწერები, სავარაუდოდ, მოიცავს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის და ამჟამინდელ იუსტიციის მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოს საუბრებს. დიალოგი კორუფციულ სქემებს ეხება.