
პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ "იგლ ჰილსის" პროექტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც კუპრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ამ პროექტის ფარგლებში აშენებული ფართების შეძენას საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ, პირობები კი საუდის არაბეთის მოქალაქეებზეა მორგებული.
"ყოველწლიურად საქართველოში საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის რაოდენობა ცოტავდება. უზარმაზარი კავშირი აქვს ამ ყველაფერს "იგლ ჰილსის" ინვესტიციასთან, - მაშინ, როცა არაბული კომპანიის ხელმძღვანელი პირი ე.წ. პრემიერ-მინისტრის გვერდით დგას და ამბობს, რომ მისი კორპუსების 60% გაიყიდება საუდის არაბეთის მოქალაქეებზე. ორი ანკლავი დედაქალაქთან და ბათუმთან ახლოს, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ტერიტორიაა.
რაში სჭირდებათ შეღავათი - კვადრატული მეტრის ღირებულება ხომ მოგახსენეს და თქვეს, რომ 6000-დან 12 000 დოლარამდე იქნებაო. დამისახელეთ ერთი საშუალო შესაძლებლობის მოქალაქე, რომელიც 6000-დან 12 000 დოლარამდე ღირებულების ერთ კვადრატულ მეტრს შეიძენს ან კრწანისის ტყე-პარკში, ან ბათუმში, გონიოს საუკეთესო სანაპიროზე. ერთი საშუალო სტატისტიკური ქართველი არ არსებობს, "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების გარდა, რომელსაც შეუძლია 12 000 დოლარი ერთ კვადრატულ მეტრში გადაიხადოს. რა თქმა უნდა, ეს იქნება საუდის არაბეთის მოქალაქეებზე მორგებული.
ვიღაც ქსენოფობიას ახსენებს - ფრანგული უბანი რომ იყოს და ფრანგული ანკლავი, გერმანული, ამერიკული - არცერთი არ გვჭირდება. არ შეიძლება მსგავსი რისკების გაწევა, ეროვნული უსაფრთხოების რეალურ საფრთხეს წარმოადგენს," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.