რეზონანსი
20.11.2025

შარლ მიშელის შეთანხმება კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლას გულისხმობდა, მაგრამ დიახ, ამის გაკეთება მოგვიწია და იცით, რატომ მოგვიწია?! - მათ შორის თქვენი ლიდერიდან გამომდინარე, თქვენი ლიდერისა და პოლიტიკური გუნდის გამოისობით! თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ღალატზე ხელის მომწერები, კონკრეტულად თქვენც! - ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ წერილს წერილზე იწერებით ისე, როგორც შულავერის კომიტეტის წევრებს შეეძლოთ! - ამ სიტყვებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ ფრაქცია “საქართველოსთვის“ წევრს“ გიორგი შარაშიძეს მიმართა.

გორდულაძემ განცხადება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებისა და მათი ფუნქციების და უფლებამოსილებების აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის ინიციატივა წარადგინა.

აღნიშნული საკითხის განხილვისას, გიორგი შარაშიძემ თქვა, რომ არ გაუკვირდება ხელისუფლებამ ევროკავშირს დააბრალოს ისიც, რომ ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული. როგორც შარაშიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ ის, რომ “ქართული ოცნება“ კორუფციას არ ებრძოდა, ანტიკორუფციული ბიუროს ბრალი არ ყოფილა.

“თქვენ გარედან ჩარევა რამდენჯერმე ახსენეთ. ცოტა პარადოქსია, რომ როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც თქვენივე პროპაგანდისთვის იყენებთ. არ გამიკვირდება და ისე ნუ იზამთ, რომ ის კორუფციული ჭაობი, რაშიც ქვეყანა აღმოჩნდა და რასაც ერთადერთი სახელი აქვს - ეს არის სისტემური პოლიტიკური კორუფცია - ევროკავშირს დააბრალოთ. საქმე ისე მიგყავთ, თითქოს ევროკავშირის ბრალია, რომ კორუფციაში ხართ. ამას თქვენი პრემიერისა და მინისტრების წინააღმდეგ აღძრული საქმეები, მათი სახლებიდან აღმოჩენილი მილიონობით დოლარი ადასტურებს“, - განაცხადა შარაშიძემ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

პასუხად გორდულაძემ შარაშიძეს მიმართა, რომ კორუფციაზე ხმას არ უნდა იღებდეს ადამიანი, “რომლის პატრონმა მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი დაუკარგა ქვეყანას და ახლა გაქცეულია“.

“კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის თქვენი გაქცეული ლიდერი, რომელსაც ვერ გაურკვევია ტრენინგებს ატარებს თუ კვლევებს. ის უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი ერთი ჩვეულებრივი დაფინანსებული პირია, რომელიც აქამდეც იყო, ძალიან კარგად ვიცოდით ვინც იყო, ვინც არის და ვინც იქნება - რომ ყველაფერზე ხელმომწერია, ყველაფრის გამკეთებელია, მათ შორის ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი არ დაუტოვებია!

ბრძანეთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციების აუდიტის სამსახურში გადატანა არის სწორი. ამავდროულად თქვით, რომ ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციები უნდა მიგვეცა და ყოფილიყო დამოუკიდებელი. მოგიწოდებთ, სანამ რაიმეს იტყვით, ჯერ კონსტიტუცია წაიკითხოთ და გაიაზროთ, რა გვიწერია ჩვენს მთავარ კანონში.

ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან ბევრი ისეთი მითითება მივიღეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო. მაგალითად, შარლ მიშელის შეთანხმება კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლას გულისხმობდა, მაგრამ დიახ, მოგვიწია ამის გაკეთება და იცი რატომ მოგვიწია?! მათ შორის თქვენი ლიდერიდან გამომდინარე, თქვენი ლიდერის და თქვენი პოლიტიკური გუნდის გამოისობით, რომლებიც პარლამენტში თითი-თითზე არ ადებდნენ, რომ რაიმე კონკრეტული საკითხი გადაეჭრათ!

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ღალატზე ხელის მომწერები, კონკრეტულად თქვენც! - ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ წერილს წერილზე იწერებით ისე, როგორც შულავერის კომიტეტის წევრებს შეეძლოთ. იგივეს აკეთებთ თქვენ - პატრონი არა გყავთ შეცვლილი და ბოლშევიკური წარსულიდან არა ხართ გამოსული. დგახართ აქ და ტყუილებს ტირაჟირებთ!

ძალიან კარგად ვიცით, ვინ ხართ თქვენ, ვინ არის თქვენი პატრონი, ვინ არის თქვენი გუნდის წევრი, ვინ არის თქვენი ლიდერი, რომელიც სალომე ზურაბიშვილივით ერთი ჩვეულებრივი სტიპენდიატი გახდა. პარლამენტის შენობაში გულზე მჯიღს იცემდა: - დიახ, ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელიო და მერე ისე გაქრა, როგორც თვითმფრინავის კვამლი ცაში. თქვენ ხართ ამ მორალის ადამიანები და საკითხების უტრირებას თავი დაანებეთ!“, - მიმართა გიორგი შარაშიძეს არჩილ გორდულაძემ.

აღნიშნულ კამათში მოკლე რეპლიკებით კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილიც ჩაერთო.

“საქართველოს გარედან არაერთი ქვეყანა ესაზღვრება - გარედან ჩარევა ევროკავშირად რატომ აღიქვით?!“, - მიმართა მან გიორგი შარაშიძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×