რეზონანსი
20.11.2025

ევროკომისიის მომზადებული ანგარიშის პროგნოზითაც კი, როდესაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მოლდოვის, გამოდის ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ამბობს, რომ ეკონომიკური მზარდი მიმართულებითაც მოლდოვა და უკრაინა ბევრად უფრო წინ არიან, ვიდრე საქართველო, ეს არის ტყუილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, კორუფციის მიმართულებითაც უკრაინა და მოლდოვა ევროპაში მოწინავე ადგილზე არიან და კორუფციის სიმცირით რეგიონში ლიდერია საქართველო.

„უკრაინის სკანდალი ძალიან ნეგატიური მოვლენაა, განსაკუთრებით ომში მყოფი ქვეყნისთვის. კორუფცია ერთ-ერთი ყველაზე ამორალური დანაშაულია და როდესაც ომში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსნები სჩადიან კორუფციულ დანაშაულს, ეს კიდევ უფრო ამორალურს ხდის ამ ყველაფერს.

ამ ყველაფრის ფონზე როდესაც ხდება ასეთი არასამართლიანი და არაკეთილსინდისიერი შეფასებები, ვრწმუნდებით, რომ ამ ადამიანების მიზნები სინამდვილეში სამართლიანობასა და ობიექტურობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არ არის. ყველაფერს ზომავენ მონა-მორჩილობის სტანდარტით. იმისთვის, რომ შეაქონ, ჩვენი ქვეყანა მათ არასდროს მისცემს უფლებას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ღირსება შეულახონ და ზემოდან შეხედონ ჩვენს ამაყ და ღირსეულ ხალხს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის საკითხით სპეკულაციაზეც.

„ეს ადამიანები მსგავს საკითხებს იყენებენ პოლიტიკური შანტაჟისთვის, მათი მიზანი არის პოლიტიკური შანტაჟი იმისთვის, რომ დაგიმორჩილონ და სინამდვილეში საერთოდ არ აინტერესებთ მოქალაქეების ბედი. ამ ინსტრუმენტის გამოყენებასაც მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის მათ შავ-ბნელ ზრახვების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილება ვერ იქნება ნეგატიური პროცესების დაწყების საფუძველი, რისი სურვილიც აქვთ მათ. როგორც არ უნდა ეცადონ, ისინი საწადელს ვერ მიაღწევენ“, - განმარტა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×