
ყინული გალღვა - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გეგმავს, საქართველოს კერძო სექტორს 300 მილიონი ევროთი დაეხმაროს. „იბიარდის“ კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი, ალკის ვრიენიოს დრაკინისი აცხადებს, რომ მზად არიან, საქართველოს სხვადასხვა სექტორში, ბანკებში, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებში 300 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელონ. ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს არის საქართველოს ისედაც ლეგიტიმური მთავრობის ლეგიტიმაციის პირდაპირი დადასტურება ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტისგან. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბის ფინანსური ორგანიზაცია არ არის, დიდწილად, ის ევროპის პოლიტიკასაც განსაზღვრავს.
გარკვეული პაუზის შემდეგ, „იბიარდი“ მზად არის, საქართველოში მსხვილი ინვესტიცია განახორციელოს, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მსხვილი საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობასაც ხაზს უსვამს. კერძოდ, ალკის ვრიენიოს დრაკინისი ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა შავი ზღვის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა, რომელიც „შუა დერეფანს“ ეძღვნება და იქვე აზუსტებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და ინიციატივა, ხოლო საქართველოს მის შუაგულში მდებარეობს:
„მთელმა კავკასიამ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალიან დაინტერესებულია ჩაერთოს ყველა პროცესში, ყველა განხილვასა და პროექტის კვლევით ეტაპში. იმისთვის, რომ შევაფასოთ, თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ შუა დერეფანი რეალური და სიცოცხლისუნარიანი გზა ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც „შუა დერეფნის“ ნაწილს შეადგენენ - ცენტრალური აზიიდან, კავკასიის ჩათვლით. თუ საქართველოზე ვისაუბრებთ, ჩვენ უკვე ჩადებული გვაქვს ინვესტიციები სარკინიგზო და საგზაო პროექტებში“, - განაცხადა ალკის ვრიენიოს დრაკინისმა.
ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე ხაზს უსვამს, რომ „იბიარდის“ გადაწყვეტილება - 300 მილიონი ევროთი დაფინანსოს საქართველოს კერძო სექტორი, აღიარებაა, რომ ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში მდგრადი, სანდო, პერსპექტიული და მიმზიდველი ქვეყანაა. საყურადღებოა, რომ ბანკი მოხარულია მჭიდრო თანამშრომლობით დაეხმაროს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტაბილურობისა და ზრდის თვალსაზრისით. ფაქტია, საქართველო არა მხოლოდ რეგიონის სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს, არამედ ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისითაც მიმზიდველი ქვეყანაა.
ამ მოსაზრებას ეთანხმება „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის პოლიტიკას გადმოსცემს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ, პირველ რიგში, პოლიტიკის ჭრილში. რაც მთავარია, ევრობანკი ასე მარტივად არ აფასებს ქვეყნებს, რომლებიც ამ შეფასებებს არ იმსახურებენ.
„ბოლოს და ბოლოს, „იბიარდი“ ევროპული ორგანიზაციაა და მისასალმებელია, რომ ევროპაში ყინული ლღვება, ევროპა ნელ-ნელა ფხიზლდება და ის დამოკიდებულება, რაც მათ საქართველოსთან აქვთ დღეს, ისევ მათ არ წაადგებათ, ისევ მათ აზარალებს. ევრობანკის განცხადება, რომ ინვესტიციას დებს საქართველოში, კერძო სექტორში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ეს არის საქართველოს ისედაც ლეგიტიმური ხელისუფლების აღიარება. ისინი უკვე ღიად იწყებენ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყანასთან, ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, ეს თანხა წაადგება, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე პოლიტიკასაც“, - განუცხადა „რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ.
რაც შეეხება „შუა დერეფნის“ პროექტში საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმას, პოლიტიკოსმა „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ესეც პირდაპირი აღიარებაა - საქართველო ამ პროექტში მთავარი, დომინანტი ქვეყანაა:
„სწორედ ის არის, რაზეც აქამდეც, თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით - ევროპას საქართველოს გარეშე გაუჭირდება, მით უმეტეს, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. ამიტომ, კარგია და მჯერა, რომ „იბიარდს“ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც მიჰყვებიან და ბოლოს და ბოლოს, ის პოლიტიკოსები, რომლებიც არიან სხვა პოლიტიკის - ჩრდილოვანი მმართველების ზეგავლენის ქვეშ, გონს მოეგებიან და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნებისთვის იქნება უმჯობესი, ხოლო შემდეგ - ჩვენთვის“, - აღნიშნა ჩიბურდანიძემ.
ამავე პოზიციას იზიარებს საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კაპანაძე, რომელმაც „რეზონანსს“ განუცხადა, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი პირდაპირ აღიარებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციას. მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორისა და ხელისუფლების მხარდაჭერა.
„კერძო სექტორში იგეგმება საკმაოდ დიდი თანხის - 300 მილიონი ევროს ჩადება. ეს ცხადყოფს, რომ ერთი მხრივ, „იბიარდი“ ფიქრობს, ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის, ხოლო, მეორე მხრივ, თვლის, რომ განვითარების კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს. ზოგადად, ევრობანკი მოწინავე იყო ყოველთვის ქვეყანაში სხვადასხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისა, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით. კარგია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ისიც კარგია, რომ „იბიარდი“ საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდასაც ხედავს და აფასებს, გარდა ამისა, ქვეყნის პოტენციალში დიდ შესაძლებლობასაც ხედავს. ამიტომ, გიმეორებთ, დიახ, ეს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმაციის პირდაპირი დადასტურებაა“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კაპანაძემ.