რეზონანსი
20.11.2025

ეს არის „ქართული ოცნების" მიერ შემდეგ არჩევნებში გაყალბების მექანიზმების გამარტივება და საკუთარ თავზე მორგება, - ასე აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი გიგა ფარულავა „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" აღნიშნა, ემიგრანტებისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული საარჩევნო უფლებების შეზღუდვა ემსახურება პოლიტიკური პროცესის საკუთარი ინტერესებისთვის მორგებას.

ფარულავას შეფასებით, ხელისუფლების მოწოდება, ემიგრანტები ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, „უტიფარი და შეურაცხმყოფელი" დამოკიდებულებაა.

„ჩვენთვის არ არის გასაკვირი „ოცნების" ქმედებები. ამაზე უფრო მწვავე გადაწყვეტილებები მიუღიათ. ეს არის „ქართული ოცნების" მიერ შემდეგ არჩევნებში გაყალბების მექანიზმების გამარტივება და საკუთარ თავზე მორგება. ემიგრანტები ჩვენ ქვეყანას ტოვებენ იმის გამო, რომ ხელისუფლება ვერ სთავაზობს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს. დღეს „ოცნება" ამბობს, რომ მათ არ აინტერესებს ემიგრანტების აზრი. ის ფაქტი, რომ ემიგრანტებს გონორით მოუწოდებენ 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდნენ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არის უტიფარი განცხადება. ეს ადამიანი წლები ვერ ჩამოდიან იმისთვის, რომ ოჯახის წევრები ნახონ და ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ადგილზე ვერ სთავაზობს სამუშაო და ყოფით პირობებს, ამის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უკრძალავს",- განაცხადა ფარულავამ.

კითხვაზე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას თუ არა, ფარულავა პასუხობს, რომ ხელისუფლების ცვლილებას მხოლოდ „მშვიდობიანი, საარჩევნო პროცესის გზით" ხედავენ.

„ჩვენ მანამდეც ვამბობდით და დღესაც იგივე აზრზე ვართ, რომ დღევანდელ მოცემულობაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად ვხედავთ მხოლოდ მშვიდობიან, არჩევნების გზას. ნებისმიერ არჩევნებში, რომელიც წინ გველის, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

რა თქმა უნდა, არჩევნები არის ბრძოლის ველი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები იქნება არასამართლიანი, ყველა პარტიამ უნდა იზრუნოს ამომრჩეველი დაარწმუნოს მიიღოს მონაწილეობა. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მივა, გაცილებით ნაკლები შანსი არსებობს გაყალბების",- განაცხადა გიგა ფარულავამ.

ფარულავამ ასევე ისაუბრა გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და აღნიშნა, რომ გახარიაზე თავდასხმები პარტიის დაფუძნების დღიდან პოლიტიკური შურისძიებით არის განპირობებული.

„იმ ადამიანებს, რომლებიც ბინძური პროპაგანდით არიან დაკავებულები აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება თავისუფალი სასამართლოს წინაშე. მათ აუცილებლად მოუწევთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე პასუხისგება. ეს არც თუ ისე შორს არის.

ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, რასაც გახარიას ვერ პატიობენ არის ის, რომ ისინი ვერ ამარცხებენ ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერს გიორგი გახარიას. ამაზე მეტყველებს შეთითხნილი ბრალდებები, რომელიც პირადი შურისძიების მოტივით არის ნაკარნახევი",- განაცხადა ფარულავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×