
არაერთხელ ავხსენით, კიდევ გავიმეორებ, რომ 2006 წელს, სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებითა და ხელშეწყობით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები, რაც თავისი არსით უკვე იყო არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ იყო ღალატი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ქართულ სამართლებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არ დარჩეს.
„2006 წელს ჩატარდა უკანონო, ანტიკონსტიტუციური, სეპარატისტული არჩევნები, 2007-ში, ამ არჩევნების საფუძველზე, შეიქმნა ყოფილი სამხრეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაცია, 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები. ამით შექმნეს ყველანაირი წინაპირობა, მათ შორის სამართლებრივი, რომ ადმინისტრაციული საზღვრები აღადგინეს და მეორე - შექმნეს ესკალაციური გარემო, რამაც მეგვიყვანა 2008 წლის ომამდე. ეს არის ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი ქმედებებისა, რომელიც დასრულდა 2008 წლის ომით და დამანგრეველი ეფექტი იქონია ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების სახით.
ეს მოიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ქარაფშუტულმა ქცევამ, „კოკოითი ფანდარასტით“ რომ დადიოდნენ და ეგონათ, ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდნენ. ეს ხალხი დღეს კიდევ რომ პოლიტიკაშია, ასე ქარაფშუტობით ქვეყანა რომ ომში შეიყვანეს, ეს არის დასტური, რასთან გვქონდა საქმე სააკაშვილის რეჟიმის სახით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს სამართლებრივ-პოლიტიკურ, ტერმინოლოგიურ სივრცეში არ დარჩეს.
რაც შეეხება თავად ამ ადმინისტრაციას, მის თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს, წლების განმავლობაში ისინი კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავის საქმეს და ყველას მადლობა ეთქმის, ვინც თავადაც ამ გარემოების, გარკვეულწილად მძევალი იყო, იმ მხრივ, რომ არაკონსტიტუციურად შექმნილი ორგანო იყო. რა თქმა უნდა, მათ თანამშრომლებს მადლობა ეთქმით იმ საქმისთვის, რაც გასწიეს ამ წლების განმავლობაში, თუმცა თავად ეს ორგანო, რომელიც სრულად არის ანტიკონტიტუციური, ეს მიდგომა, რომელმაც თავის დროზე მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე, რა თქმა უნდა, ითხოვს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, საკანონმდებლო ქმედებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.