
საქართველოს პროკურატურამ, ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ზუგდიდში, ბრალდებულმა, მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ასევე, სხვადასხვა დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაზეც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვანის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა რძალზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 19 ნოემბერს დააკავეს. დაზარალებულის მეუღლეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს (მამამთილს) ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ასევე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება.