რეზონანსი
21.11.2025

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, უკანონო მშენებლობების პროცესი და საწყის ეტაპზე 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების მცდელობა გამოავლინა. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერიტორიაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, არ არის განაშენიანებული და ატარებს რეკრეაციული ზონის სტატუსს, თანამშრომლებთან ერთად, მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი იმყოფებოდა. სამსახურის წარმომადგენლებმა სამართალდამრღვევების გაფრთხილების მიზნით, ადგილზე შესაბამისი მითითებები გააკრეს. მწარმოებელ პირებს გონივრული ვადა, 10 კალენდარული დღე განესაზღვრათ, რათა თავადვე მოახდინონ ნაგებობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში.

„ჩვენ ინტენსიურად ვატარებთ, როგორც მონიტორინგს, ისე ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო მიწების მიტაცების აღსაკვეთად. პირველ ეტაპზე უკანონო მშენებლობის მწარმოებელი პირების გაფრთხილება ხდება და ვაძლევთ ვადას, რომ თავადვე უზრუნველყონ დემონტაჟი. მსგავსი ტიპის სამართალდარღვევების პრევენციისთვის გვსურს, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად, სრულიად გამჭვირვალე იყოს ჩვენი ღონისძიებები და გაჩვენოთ, რა სიტუაციაა ადგილზე, რა ტერიტორიების მიტაცება ხდება და რა ეტაპზეა მიმდინარე უკანონო მშენებლობები. აქ არც ადამიანები ცხოვრობენ და არც დასრულებული შენობებია. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ოპერატიულად, პროცესის დასაწყისშივე მოახდინა კანონდარღვევის გამოვლენა და შემდგომი ქმედებებიც ღიად, კანონის ფარგლებში განხორციელდება“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო განაშენიანების მოწყობა ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ ხდება, რაც დაუშვებელია.

„დაუშვებელია, კონკრეტული კერძო პირების და ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ სახელმწიფო მიწების მითვისება და თბილისის რეკრეაციული სივრცეებში უკანონო განაშენიანების მოწყობა. სამსახური მომავალშიც კანონის შესაბამისად, ოპერატიულად იმოქმედებს კანონდარღვევის გამოსავლენად და აღსაკვეთად“, - აღნიშნა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×