
2025 წლის ოქტომბერში თბილისში 4 178 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ახალ პროექტებში გაყიდვები გაიზარდა, ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების კლება ფიქსირდება.
„2025 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 12.1%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 14.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ტრანზაქციების რაოდენობა 4%-ით შემცირდა ძველ პროექტებში“, - ვკითხულობთ „ქოლიერსის“ კვლევაში.
ამასთანავე, მიმდინარე წლის ოქტომბერში წლიურად 13%-ით გაიზარდა ფასები. უფრო დეტალურად, 2024 წლის ოქტომბერში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 064 დოლარი იყო, წელს კი ღირებულება 1 202 დოლარს გაუტოლდა.
ცნობისთვის, 2025 წლის ოქტომბერში ბაზრის ზომა წლიურად 25.2%-ით გაიზარდა და 336 მილიონი დოლარი შეადგინა.