რეზონანსი
21.11.2025

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი ეხება არასრულწლოვანებს, რომელთა მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ.

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, სადაც შესაბამისი მულტიდისციპლინური ჯგუფი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

პროექტის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის პირველ ეტაპს წარმოადგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ცენტრში გადამისამართება, რომელსაც ახორციელებს პროკურორი. პროკურორი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ახორციელებს მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის მიმართებაში მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში გადამისამართების შემდეგ ცენტრი იწყებს არასრულწლოვნის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებას, რის შემდეგაც მოამზადებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებს.

აღნიშნული ინდივიდუალური შეფასების ანგარიში წარედგინება ცენტრის მულტიდისციპლინურ ჯგუფს, რომელიც ანგარიშის საფუძველზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს/პროგრამებს, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე სავალდებულოა შესასრულებლად. კანონპროექტით, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი.

აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით.

იმ შემთხვევებში, თუ ჩაითვლება, რომ სერვისში/პროგრამაში ჩართვას არ ექნება პოზიტიური შედეგები და თავიდანვე საჭიროა უფრო ინვაზიური მეთოდების გამოყენება, არასრულწლოვანი გადამისამართდება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში, სადაც მოხდება მისი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და ეს არ იქნება არასრულწლოვნის დასჯის ღონისძიება.

პროექტით, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვები იქნება 10-დან 18 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნის გადამისამართება, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა 10-დან 14 წლამდე ასაკში.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება მოხდება კანონით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას.

არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის გადამისამართება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

​კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვემდე ვადით.

აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულება, რომელშიც მოხვედრილი ბენეფიციარი ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ დაეუფლოს განათლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სხვა.

„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება გააძლიეროს მხარდაჭერა და მზრუნველობის კომპონენტი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს - 14 წლამდე ბავშვებს ეხება და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს. ამ გამოწვევაზე პასუხი არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც. შესაბამისად, მთავარია ის, რომ სახელმწიფომ 14 წლამდე ბავშვებს არ უნდა შეხედოს როგორც დამნაშავეებს, არამედ პირიქით, ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ბავშვი, რომელიც არის 14 წელს მიუღწეველი და შეიძლება სჩადიოდეს დანაშაულს, მას სჭირდება მზრუნველობა, მხარდაჭერა და არა დასჯა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×