რეზონანსი
21.11.2025

ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა, 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი და ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რამაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადააჭარბოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „პოსტივის“ ეთერში.

მისი შეფასებით, ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რასთან დაკავშირებითაც სპეკულირება არ უნდა იკადროს ოპოზიციამ, თუმცა ამას მაინც არ თაკილობს.

„საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენი, როდესაც უპირისპირდებიან ხოლმე ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებს, იქაც არის ხოლმე ყველაფერი ერთი ხელიდან მართული და აქაც იკვეთება, რომ ერთი ხელიდან უნდა იყოს ყველაფერი მართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არის ჭრელი შემადგენლობა, რომელიც ერთი და იგივე აბსურდული გზავნილით საუბრობს, ჩანს, რომ საბოლოო ჯამში არის ერთგვარი კოორდინაცია. მე განვმარტე, დაახლოებით, რა შეიძლება იყოს ამის უკან, მათ შორის, გავიხსენე კონკრეტული ელჩის საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც იყო კარგი პრორუსი და ვიღაც არ იყო კარგი პრორუსი, მერე, როგორც ჩანს, ვიღაც ასევე გახდა კარგი პრორუსი და ასე დალაგდა საერთო სპექტრი. არის რაღაცები, რითაც არ უნდა ისპეკულირო. გასაგებია, რომ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ოპოზიცია და ზოგადად, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი აკრიტიკოს, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმაგროს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს, იქ მე მგონია, რომ ოპოზიცია როცა ხარ, მაშინაც თავი უნდა შეიკავო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, „იგლ ჰილსის“ პროექტი არის საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი და არა ვიწრო პოლიტიკური საკითხი, რადგან საქმე უპრეცედენტო ინვესტიციას ეხება.

„ეს არ არის ერთი მორიგი საინვესტიციო პროექტი, სადაც მაგალითად ერთი სასტუმრო აშენდება და კარგია, მაგრამ ერთი სასტუმროა და შეიძლება, გამოხვიდე შენი კრიტიკული მოსაზრებებით რაღაცასთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ეკონომიკაში უპრეცედენტო წვლილის შეტანა. ეს ციფრებში გამოვხატეთ - საუბარია დაახლოებით იმაზე, რომ 11 მლრდ ლარი იქნება ეკონომიკაში წვლილი. ჩვენი ეკონომიკა ამ წლის ბოლოს გახდება 100 მლრდ ლარზე ცოტა მეტი. წარმოიდგინეთ, ამ მასშტაბის ეკონომიკისთვის რამხელა დანამატია 11 მლრდ ლარი მარტო ერთი პროექტიდან. საუბარია ერთ პროექტზე და საუბარია მხოლოდ პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზე. ამას მოჰყვება ირიბი ეკონომიკური ეფექტი, რაც შეიძლება, 20 მლრდ ლარს გადასცდეს დიდი ალბათობით. ეს არ არის მორიგი საინვესტიციო პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება ზერელე დამოკიდებულება გქონდეს. ამ მასშტაბის ინექციაზეა საუბარი ჩვენს ეკონომიკაში. ბიუჯეტს რაც შეეხება, ჩვენს ბიუჯეტს ყოველწლიურად მინიმუმ დაემატება 700 მლნ ლარი მხოლოდ ამ პროექტის ხარჯზე, აქედან 500 მლნ გადასახადების სახით და მინიმუმ 200 მლნ საშუალოდ, წლიურად, დივიდენდის სახით, რომელიც 33 %-ის ოდენობით წამოიღო ჩვენმა ქვეყანამ. 24 000 არამუდმივი სამუშაო ადგილი იქნება საშუალოდ მშენებლობის პერიოდში და შემდეგ რჩება 8 000 მუდმივი სამუშაო ადგილი. აქაც ხედავთ, რამხელა წვლილი შეაქვს ჩვენს ეკონომიკაში, დასაქმებაში, ბიუჯეტში ამ პროექტს. ეს არ არის ერთი მორიგი პროექტი, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება იკადრო სპეკულირება. ზოგადად არ უნდა იკადრო, მაგრამ არის რაღაც თემები, სადაც წარმოუდგენელია ასე სპეკულირება. თუმცა, არ თაკილობენ ასეთ ქმედებას. სრულ აბსურდზე საუბრობენ. არის უნაკლო პროექტი. შეიძლება რაღაც პროექტი იყოს კარგი, მაგრამ ჰქონდეს გარკვეული ნაკლი, ჭარბი განაშენიანება შეიძლება იყოს დაკავშირებული და ა.შ. ეს პროექტი უნაკლოა თავისი თითოეული შემადგენლით,“- აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×