
მმართველ გუნდში აქცენტს ისევ ახალი პოლიტიკური ძალების შექმნასა და პოლიტიკური ველის გაჯანსაღების საჭიროებაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. პრემიერი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შემდეგ, შეიქმნება პირობები ქვეყანაში „ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის" ფორმირებისთვის.
ანალიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილის აზრით, „ოცნება" უბრალოდ მთავარ კონკურენტებს იშორებს და ნაკლებადაა დაინტერესებული ახალი რეიტინგული ოპოზიციური ძალების გაჩენით. მეორე ნაწილის აზრით კი, ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირება ბუნებრივად მოხდება და ამ მხრივ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა „ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძნა ივანიშვილის განცხადება, რომ 2028 წელს, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ „ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც სამი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის", „ახალის" და „ლელოს" აკრძალვას ითხოვს.
პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია საქართველოში ლაგდება ქვეყნის გარედან და ეს არის ხელოვნური პროცესი.
„ყველაფერი რომ მიანდო ჯანსაღ შიდა კონკურენციას, ბაზრის პრინციპი მოქმედებს პოლიტიკაშიც, რომ თვითონ ხარისხის დახვეწას უზრუნველყოფს ის კონკურენცია, რომელიც დემოკრატიულ სისტემაში მოქმედებს. აქ ეს პრინციპი არ მუშაობს, რადგან ოპოზიციის მხარეს ყველაფერი ლაგდება ქვეყნის გარედან. იქიდან ნიშნავენ პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებს. შექმნეს ერთი პარტია, მეორე, მესამე, გეგმებს უწერენ, მესიჯების დონეზე უდგენენ ტექსტებს და ა.შ. ყველაფერი ხდება გარედან. ასეთ პირობებში კონკურენცია ვერ ქმნის ჯანსაღ სპექტრს", - აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, საქართველოში ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, რომ კონკრეტული სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მოხდეს.
„დაწყებული გვაქვს ახლა ახალი პროცესი, რაც დაკავშირებულია ამ არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების, უცხოური აგენტურის აკრძალვასთან. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მაშინვე ეს დემოკრატიული კონკურენციის პროცესი თვითონ წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს და ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ თუ გვინდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად დავრჩებით ამ ჩაკეტილ წრეზე და მოგვიწევს ერთ წრეზე სიარული", - განაცხადა პრემიერმა.
ვისთვის სუფთავდება პოლიტიკური ველი
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილის აზრით „ოცნება" პოლიტიკურ ველს მხოლოდ თავისთვის ასუფთავებს.
„ვფიქრობ, „ოცნება" პოლიტიკურ ველს არავისთვის არ ასუფთავებს. საკუთარი თვისთვის ასუფთავებენ, სხვა ვისთვის? მას არ სჭირდება ოპოზიცია და აქ „ნაცებზე‘ არ არის საუბარი. ეს არის საბაბი რეალურად. მაგალითად, ეს აკრძალვა ეხებათ ისეთ პარტიებს რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირად არ არიან დაკავშირებული - მაგალითად, „ლელო". თან ისიც აქვთ გამოცხადებული - პარტია, რომელიც სუსტია და მოძლიერდება, ავკრძალავთო. ასე რომ, მხოლოდ თავისთვის ასუფთვებენ პოლიტიკურ ველს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველაფერი ხალხის დაკვეთაზეა დამოკიდებული.
„ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რას აპირებს „ქართული ოცნება". მოგეხსენებათ, პოლიტიკური ველი ზუსტად იგივეა, რაც ბიზნესმარკეტი - არის მოთხოვნა და არის მიწოდება. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთა არის, რომ იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ორიენტაციის პარტია, მაგალითად, მემარჯვენე ან მემარცხენე, ისინი გამოჩნდებიან."
„აქ მთავარი არის ის, რასაც ქართულ რეალობაში ვაწყდებით - ვინ იქნება ამა თუ იმ პარტიის უკან, ვისი ყურები გამოჩნდება. ძალიან არ მინდა არც მე და არც ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომ ე. წ ჯიბის პარტიები გამოჩნდნენ, მაგრამ თუ იქნება თანასწორი ველი, როცა ამა თუ იმ აქტორს თავისუფლად მოქმედების საშუალება აქვს, რა თქმა უნდა, იქ ჯიბის პარტიები არ იქნებიან, მაგრამ იქნებიან ამა თუ იმ იდეით შეკრებილი ადამიანები.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ზუსტად ვერ გეტყვით მემარცხენეები იქნებიან თუ მემარჯვენეები, ეს არის დამოკიდებული ხალხის დაკვეთაზე", - განაცხადა აბაშიძემ.
საიდან გაჩნდება ახალი პარტიები
დავით ზურაბიშვილი ზოგადად პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად პარტიების აკრძალვას სიგიჟედ მიიჩნევს. იგი არც ახალი პარტიების გამოჩენას ელოდება და არც უკვე არსებული პარტიების გაძლიერებას.
„ვფიქრობ, არც ერთი და არც მეორე. კობახიძემ პარტია შეიქმნებაო რომ თქვას, „ოცნება" კიდევ შექმნის მეორე „ოცნებას", თუ რა მოხდება? რა იქნება, რომ შექმნას ისეთი ფუყე და არაფრის მთქმელი, როგორიც არის „ხალხის ძალა" ან ინჯიას პარტია? როგორ შეიძლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვით გაჯანსაღდეს პოლიტკური ველი, სიგიჟეა", - განაცხადა ზურაბიშილმა.
გია აბაშიძე კი სავსებით რეალურად მიიჩნევს ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირებას.
„ძალიან რთულია ამაზე პროგნოზი, მაგრამ, ვფიქრობ, ის აქტიური ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ მედია-სივრცეში, ალბათ, ისინი შეკავშირდებიან და შექმნიან ახალ გაერთიანებას. როდესაც პროგნოზებზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ 2028 წელს საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება. როგორც კობახიძემ, ასევე უწინარესად ბიძინა ივანიშვილმა, მათ უკეთ იციან პოლიტიკური პროგნოზები, რომლებიც ზუსტად ხდება", - განაცხადა აბაშიძემ.