
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და განცხადა, რომ შვეიცარიაში კვირას იმუშავებენ უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს. გრძელი საუბარი გვქონდა - მშვიდობის პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული დიპლომატიური მუშაობის მრავალ დეტალს შევეხეთ. მომავალშიც გავაგრძელებთ კოორდინაციას და მადლიერი ვარ მთელი ბრიტანული საზოგადოების მხარდაჭერისთვის.
ჩვენი მრჩევლები ხვალ შვეიცარიაში იმუშავებენ - წარმომადგენლები უკრაინიდან, შეერთებული შტატებიდან და ე.წ. E3 ფორმატიდან, კერძოდ: ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან, - დაწერა მან.
ზელენსკის თქმით, ევროპელი ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა დაეხმაროს და ჩაერთოს მშვიდობის პროცესზე მუშაობაში.
ახლა კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე გრძელდება, და თითოეული აქტიურობა, ვისაც ნამდვილი და მყარი მშვიდობა სურს, ძალიან მნიშვნელოვანია. გმადლობთ!,- აღნიშნა მან.
გადამწყვეტ მოლაპარაკებამდე რამდენიმე საათიღა დარჩა. დღეს ჟენევაში დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ოფიციალურად წარადგენს მის „სამშვიდობო გეგმას“. ამ ეტაპზე აშშ-ის, ევროკავშირის და რუსეთის დელეგაციები უკვე შვეიცარიაში იმყოფებიან, ხოლო უკრაინის მხარეს მოლაპარაკებებს ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს.
სულ მალე გაირკვევა, როგორ ხედავს ვაშინგტონი უკრაინაში ომის დასრულების მოდელს.
უკვე ცნობილია ბრიუსელის პოზიციაც: ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საზღვრების ძალით შეცვლა მიუღებელია, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, თუ წინასწარ გამოჟონილი გეგმა ძალაში შევა, ამან შეიძლება უკრაინა დამატებით დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენოს.