
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, დელეგაციასთან ერთად, ლონდონში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე სესიაში. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს.
„აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეხვედრა IMO-ს გენერალურ მდივანთან, არსენიო დომინგესთან, ასევე დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის ორმხრივი შეხვედრები ასამბლეაში მონაწილე რამდენიმე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.