
არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს ან მისი არმიის რაოდენობა შემცირდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ნებისმიერმა სანდო და მდგრადმა სამშვიდობო გეგმამ, პირველ რიგში, მკვლელობები და ომი უნდა დაასრულოს, ისე, რომ მომავალი კონფლიქტის საფუძველი არ შექმნას", - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და ასევე, უკრაინის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ ძირითად ელემენტებზე შეთანხმდნენ".
„მინდა სამი მათგანი აღვნიშნო. პირველი - არ შეიძლება საზღვრები ძალით შეიცვალოს. მეორე - არ შეიძლება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდეს, რაც ქვეყანას მომავალი თავდასხმების წინაშე დაუცველს გახდის და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებასაც ძირს გამოუთხრის. მესამე - უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში ევროკავშირის ცენტრალური როლი სრულად უნდა აისახოს. უკრაინას თავისი მომავლის ასარჩევად თავისუფლება და სუვერენული უფლება უნდა ჰქონდეს. მათ ევროპული მომავალი აირჩიეს", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.