
ოთხი დაღუპული და ერთი დაშავებული - რა გახდა ქვეშეთი-კობის გზაზე მომხდარი შემთხვევის მიზეზი, დაწყებულია გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც გზა შენდება, მიმდინარეობდა საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაო, სავარაუდოდ ჩამოიშალა მიწის მასა, რომელშიც სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი მოჰყვა. დაღუპულები არიან ჩინეთის და თურქმენეთის მოქალაქეები, ერთი დაზარალებული კი თბილისში, კლინიკაში გადაიყვანეს. 37 წლის მამაკაცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პაციენტი ღამე არის შემოყვანილი. ქვემო კიდურებსა და მუცლის არეში ნანგრევების ზეწოლა იყო გამოხატული. ჩაუტარდა სრული კვლევა. მწვავე ქირურგიული ჩასარევი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის, თუმცა ასეთი პაციენტები საჭიროებენ მონიტორინგს," - აღნიშნა თბილისის ცენტრალური კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა, სოსო მაისურაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ზაბახიძე კი აცხადებს, რომ შემთხვევის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
"გაცნობებთ, რომ გუშინ, სოფელ წკერესთან, ქვეშეთი-კობის პროექტის მიმდინარეობისას, ფერდის გამაგრების სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ფერდის ჩამოშლის გამო, დაიღუპა 4 და დაზარალდა უცხოეთის 1 მოქალაქე. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. გამოძიების დასრულების შემდგომ დადგინდება შემთხვევის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები.
ამ დროისთვის, დაზარალებული პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, გვაქვს კომუნიკაცია მის მკურნალ ექიმთან. მისი მდგომარეობა არის სტაბილური," - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ ზაბახიძემ.