მარიამ ვეკუა
24.11.2025

აშშ-ს პრეზიდენტის , დონალდ ტრამპის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ირგვლივ გლობალური დაპირისპირების ფონზე, „ქართული ოცნების" ლიდერები უკრაინას მძიმე არჩევანზე საუბრობენ, ხოლო ევროპა აცხადებს , რომ უკრაინის საზღვრების ცვლილება ძალდატანებით მიუღებელია. პარალელურად, თეთრი სახლი იმედოოვნებს, რომ კონსესუსი ხუთშაბათისთვის შედგება.

შეგახსენებთ, 28-პუნქტიანი გეგმა,რომლის დეტალებიც რამდენიმე დღის წინ გახდა მედიისთვის საჯარო, უკრაინის მიერ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის - მათ შორის, მის მიერ ამჟამად კონტროლირებადი ტერიტორიების - დათმობას და არმიის რაოდენობის შემცირება ითვალისწინებს. გეგმა, უკრაინაში ევროპელი სამშვიდობო ძალების განლაგებას გამორიცხავს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კიევმა უარი უნდა თქვას შორი მოქმედების იარაღზე და არ უნდა შეუერთდეს ნატო-ს.

საინტერესოა, რომ კვირას როიტერსმა გაავრცელა დოკუმენტი, ე.წ კონტრწინადადების ტექსტი. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის - მიერ შემუშავებული კონტრწინადადება აშშ-ის გეგმას საფუძვლად უდევს, თუმცა, ზოგი პუნქტი შეცვლილი და ამოღებულია. ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

„მძიმე არჩევანი"

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,რომ უკრაინას მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს, დეპუტატი ამბობს, რომ არ იცის, ევროპას, საბოლოო ჯამში, რაზე აქვს გათვლა, რადგან საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაზე და მის მოქალაქეებზე აისახება.

„არის ძალიან მძიმე სამშვიდობო გეგმა. ეს გამოწვეულია პირველ რიგში, ფრონტზე მდგომარეობით. თვითონ ომს ერთი მძიმე შედეგი აქვს. იმ მხარეს, რომელიც ფრონტზე იმარჯვებს, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის.

რა არჩევანს გააკეთებს უკრაინა, რთული სათქმელია. ეს ნამდვილად არ არის მარტივი არჩევანი, მაგრამ ერთ რამეს ვხედავთ - ყოველი შემდგომი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა უფრო ამძიმებს მორიგი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს. ესეც ფაქტი და რეალობაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არჩევანი ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არის ცუდსა და უარესს შორს. ეს არის ის რეალობა, რაც ამ ომმა მოუტანა უკრაინას"-განაცხადაქადაგიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა., რომ ისტორია აუცილებლად გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ ვისი დამსახურებაა უკრაინის „ასეთ დღეში ჩაგდება".

"დღეს თუ ამ შეთანხმებაზეც არ მოხდება ხელმოწერა, როგორც ამ შეთანხმების ავტორები ამბობენ, შეიძლება, ცოტა ხანში, ამაზე უფრო მძიმე პირობებზე მოუწიოს უკრაინას დათანხმება. ეს რას ნიშნავს?!

ეს იმას ნიშნავს, რაოდენ სწორად, გააზრებულად, ეროვნულად, პატრიოტულად იქცეოდა საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც არ ემორჩილებოდა, არ ექვემდებარებოდა ზეწოლას დასავლეთისგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციისგან. ამ პროცესებში, ის როგორც აქტიური მოთამაშე, არ ჩაერთო, არ დაუწესა რუსეთს სანქციები, არ ჩამოაქცია ამით თავისი ეკონომიკა, არ შექმნა ამით ომის წინაპირობები. ომის შემთხვევაში ტურისტების მაგივრად ტანკები რომ იმოძრავებდნენ თბილისში, ამასაც დიდი სჯა-ბაასი და კვლევა არ სჭირდება"-განაცხადა მათიკაშვილმა.

„მიზანს ძალიან მალე მივაღწევთ"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კვლავ საჭიროა გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის ნატო-ს როლზე, მუშაობა.

"ეს არის სამუშაო - ეს არის ცოცხალი დოკუმენტი. ყოველდღიურად, შეტანილი წვლილით, ის იცვლება. იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა თანასწორობას ან ევროკავშირის და ნატო-ს როლს და ა.შ. და ისინი ერთგვარად გამოვყავით, რადგან ახლახან შევხვდით სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს და ეს არის საკითხები, რომელთა განხილვაც მათთან მოგვიწევს, რადგან მათ ეხება.

ამიტომ, ფოკუსირებული ვიყავით იმ საკითხებზე, რომლებიც ძირითადად ორმხრივი ხასიათისა იყო. შემიძლია გითხრათ, რომ საკითხები, რომლებიც ღიად რჩება, გადაულახავი არ არის, უბრალოდ მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ", - აღნიშნა რუბიომ.

რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმებას ხუთშაბათისთვის მიაღწევენ, თუმცა მიანიშნა, რომ ამას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.

„დღეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ნამდვილად წინ წავედით. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამას ძალიან გონივრულ ვადაში, ძალიან მალე მივაღწევთ. იქნება ეს ხუთშაბათი, პარასკევი, ოთხშაბათი თუ მომდევნო კვირის ორშაბათი, გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს, რადგან დღეიდან ამ საკითხთან გამკლავების დრომდე, მეტი ადამიანი დაიღუპება. მეტი ნგრევა მოხდება. ჩვენი მიზანია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება", - აღნიშნა რუბიომ.

საინტერესო იყო უნგრეთის საგარო საქმეთა მინისტრის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებაც.

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დასავლეთ ევროპელი ლიდერი ცდილობს მის დაბლოკვას, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ

„ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველა ევროპელი პოლიტიკოსის ვალია სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს რაციონალური და ჰუმანური არჩევანია", - წერს სიიარტო.

„არ შეიძლება საზღვრები ძალით შეიცვალოს."

უკრაინის ევროპელი პარტნიორების ნაწილი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალდატანებით შეიცვალოს.

„არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს ან მისი არმიის რაოდენობა შემცირდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„მინდა სამი მათგანი აღვნიშნო. პირველი - არ შეიძლება საზღვრები ძალით შეიცვალოს. მეორე - არ შეიძლება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდეს, რაც ქვეყანას მომავალი თავდასხმების წინაშე დაუცველს გახდის და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებასაც ძირს გამოუთხრის.

მესამე - უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში ევროკავშირის ცენტრალური როლი სრულად უნდა აისახოს. უკრაინას თავისი მომავლის ასარჩევად თავისუფლება და სუვერენული უფლება უნდა ჰქონდეს. მათ ევროპული მომავალი აირჩიეს", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×