
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ვატიკანში რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდა და პაპი საქართველოში მომავალი წლისთვის მოიწვია. პრემიერმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით პაპ ლეო XIV-ს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვატიკანში მისი პირველი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებას.
„რომის პაპთან გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვატიკანის, რომის პაპის მხარდაჭერა, მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში გაქრისტიანებიდან 17-საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი"-განაცხადა პრემიერმა.
„მოდუნება დღესაც არ შეიძლება".
პრემიერი მედიასთან უკრაინის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებსაც გამოეხმაურა.
„ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, აბსოლუტურად შემაშფოთებელია. ხედავდით, რომ კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა. ეს არის ის სურათი, რასაც ვხედავთ.
რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულებისა და ბრძოლის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, რაც ძალიან რთული იყო. ამას დასჭირდა ძალიან დიდ ძალისხმევა. თქვენ ხედავდით რამხელა წნეხი იყო ჩვენს ქვეყანაზე და რამხელა უსამართლობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მოდუნება დღესაც არ შეიძლება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2022 წლიდან. რეალურად, სახეზეა ორმაგი სტანდარტები. ჩვენ გვედავებოდნენ სანქციების არ დაწესებას. მერე იმას, რომ ძალიან შეზღუდულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან. ამ დროს, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აგრესიულები არიან ამ მიმართულებით, 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთის ფედერაციაში. ეს ეხება ლატვიას და ლიეტუვას. ასეთია ორმაგი სტანდარტები, რაც მოქმედებს."
„სახელმწიფო იქნება უკომპრომისო"
ირაკლი კობახიძემ რომში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ონლაინ მედიების უცხოური ფონებიდან დაფინანსებაზე „იმედის კვირის" რეპორტაჟს შეეხებოდა, განაცხადა, რომ ყველაფრის უკან დგას ერთადერთი ინტერესი - რამენაირად სცადონ საქართველოში ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება, თუმცა, ამ კუთხით წარმატება არ აქვთ.
„ყველა ხედავს, თუ როგორ კოორდინირებულად მოქმედებენ კონკრეტული, უცხოური წყაროდან დაფინანსებული ორგანიზაციები იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას, კონკრეტულად, ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ამის უკან დგას ერთადერთი ინტერესი, რომ რამენაირად სცადონ საქართველოში პროცესების განვითარების შეფერხება, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების პროცესების შეფერხება. ხედავთ, რომ ამ კუთხით მაინცდამაინც წარმატებულები ვერ არიან.
ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ საბოტაჟის ყველანაირ მცდელობას, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟის მცდელობას. აქ სახელმწიფო იქნება უკომპრომისო. „-აღნიშნა პრემიერმა
იგლ ჰილსის პროექტზე
პრემიერის თქმით, „ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას".
„ერთი ხელიდან მართული მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და ორგანიზაციები კოორდინირებულად ეწევიან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას.
ეს კამპანია დააწყებინეს „ლელოს", შემდეგ გააგრძელებინეს „ალტ ინფოს", „პატრიოტთა ალიანსს", „ნაცმოძრაობას", ეს არის ძირითადად ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უპირისპირდებიან ამ უპრეცედენტო ინვესტიციას და უნაკლო პროექტს, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს.
ასეთი მარგინალური პოლიტიკური ძალები ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ და წარმატებას ვერ მიაღწევენ ვერც ეს უცხოელი დონორები, ევროპელი ბიუროკრატები, რომლებიც აფინანსებენ საბოტაჟს საქართველოში. საქართველოში განხორციელდება ყველა ის პროექტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ამის პირობას ვაძლევთ საზოგადოებას", - განაცხადა პრემიერმა.