
ქვეშეთი-კობის გზაზე, ტრაგედიის ადგილას, ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. რევაზ სოხაძე კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა და მათგან ინფორმაცია მოისმინა. უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია 37 წლის მამაკაცი, ის თბილისში მკურნალობს.
წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც გზა შენდება, მიმდინარეობდა საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაო. სავარაუდოდ, ჩამოიშალა მიწის მასა, რომელშიც სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი მოჰყვა. დაწყებულია გამოძიება.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განმარტებით, ყველა ის პირი, რომლებიც მუშების დაღუპვაში იქნებიან მხილებული, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯებიან.
"პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მშენებლობა, ყველა სამშენებლო სამუშაო, რომელიც ხორციელდება, ყველგან იყოს დაცული შრომის და ადამიანების უსაფრთხოება. მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ შესაბამისი კონტრაქტებით, ამ პასუხისმგებლობას სრულად იზიარებს ის კომპანია, რომელიც აქ აწარმოებს სამუშაოებს, ასევე საზედამხედველო კომპანიები. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად, ცალკე სამინისტრო, ცალკე საგზაო დეპარტამენტი სწავლობს ამ საკითხს. ვინც იქნება კონკრეტულად ამ ფაქტზე პასუხისმგებელი, გარწმუნებთ, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება და პასუხისმგებლობაში მიეცემა ყველა ის პირი, რომელმაც არ მიაქცია შესაბამისი ყურადღება და, შესაბამისად, ამ დაუდევრობამ გამოიწვია ადამიანების გარდაცვალება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და დრო, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, უმთავრესია", - განაცხადა სოხაძემ.
მინისტრი მედიაში გასულ რამდენიმე სიუჟეტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკური მინებისთვის იქნას გამოყენებული.
ამასთანავე, მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე სიუჟეტს. არ არის სწორი, როდესაც მოქალაქეები, თუნდაც ჟურნალისტები ცდილობენ, რომ ნებისმიერი შემთხვევა გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მშენებლობას და მართლაც უნიკალური პროექტი ხორციელდება, რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგეს", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.