
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და დაამატა, რომ გააგრძელებს ჩართულობას უკრაინასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან ერთად, რადგანაც რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება.
ამის შესახებ მან ანგოლაში, უკრაინის მშვიდობასთან დაკავშირებულ ევროკავშირის ლიდერების არაოფიციალური სამიტის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ახლახან დავასრულეთ 27 ევროპელი ლიდერის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან და შევაფასეთ უახლესი მოვლენები უკრაინისთვის მშვიდობის მისაღწევად მიმართულ ძალისხმევასთან დაკავშირებით. სამშვიდობო მოლაპარაკებებში ახალი იმპულსი შეინიშნება. გუშინდელმა შეხვედრამ ჟენევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინას, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროპელ წარმომადგენლებს შორის მნიშვნელოვანი პროგრესი აღნიშნა", - თქვა მან.
კოშტამ დაამატა, რომ აშშ-სა და უკრაინის ანგარიშებზე დაყრდნობით, ჟენევაში გამართული დისკუსიები „კონსტრუქციული იყო და პროგრესი იქნა მიღწეული რამდენიმე საკითხზე“.
„ჩვენ მივესალმებით წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, მაგრამ მიმართულება პოზიტიურია და ჩვენ დადებითად ვაფასებთ პრეზიდენტების, ზელენსკისა და ტრამპის და მათი გუნდების ძალისხმევას.
ახლა მთავარია, რომ წინ წავიწიოთ, როგორც პარტნიორებმა, რომლებსაც საერთო მიზანი აერთიანებთ. შევაჩეროთ ეს ომი, შევაჩეროთ ადამიანების მკვლელობა და შევაჩეროთ ეს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და უზრუნველვყოთ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინელი ხალხისთვის", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ჟენევაში 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა განიხილეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ქვეყნებმა განახლებული და დახვეწილი სამშვიდობო ჩარჩო შეიმუშავეს.