
აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, - ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, სერგეი კისლიცაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი კისლიცას ცნობით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებისას აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა „პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები ქვეყნების პრეზიდენტებისთვის განსახილველად დატოვეს".
კისლიცამ გამოცემასთან ინტერვიუში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს „დაძაბული", მაგრამ „პროდუქტიული" უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ სრულიად შეცვლილი გეგმის პროექტის მიმართ ორივე მხარე „დადებითად"არის განწყობილი.
Financial Times-ის ცნობით, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა რამდენიმე საკამათო საკითხი, მათ შორის ტერიტორიული საკითხები, „ფრჩხილებში" დატოვეს, რათა მათზე გადაწყვეტილება უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა მიიღონ.
კისლიცას განცხადებით, მედიაში გაჟონილ ვერსიასა და ახალ პროექტს შორის მსგავსება თითქმის არ არის.
„თავდაპირველი ვერსიიდან ძალიან ცოტა რამ არის დარჩენილი. თანხვედრის მყარი ძირითადი ნაწილი შევიმუშავეთ და არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც კომპრომისზე წასვლა შეგვიძლია. დანარჩენზე ხელმძღვანელობის მიერ გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ასევე, კისლიცას თქმით, აშშ-ის დელეგაციამ უკრაინის არმიის რაოდენობის 600 000 სამხედრო მოსამსახურემდე შემცირების შესახებ უკრაინის დელეგაციის არგუმენტები ყურადღებით მოისმინა და დათანხმდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ.
„ისინი დათანხმდნენ, რომ გაჟონილ ვერსიაში დაფიქსირებული უკრაინის არმიის რაოდენობა, აღარ განიხილებოდა. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს სამხედროები გააგრძელებენ", - განაცხადა კისლიცამ.
კისლიცას ცნობით, გეგმაში არსებული პუნქტი, რომელიც ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის ყველა მხარისთვის სრულ ამნისტიას ეხებოდა, გადაკეთდა ისე, რომ ახლა „ომში დაზარალებულების საჩივრებს" ითვალისწინებს.
„ახლა რუსებმა უნდა აჩვენონ, ნამდვილად დაინტერესებულები არიან მშვიდობით, თუ ათას მიზეზს იპოვიან, რომ პროცესში არ ჩაერთონ", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, კისლიცას თქმით, „მედიაში შექმნილი აჟიოტაჟის მიუხედავად, ჟენევაში აშშ-მა და უკრაინამ აჩვენეს, რომ მათ შორის პარტნიორობა ძლიერია".