
უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის შეფასებით, უკრაინისთვის შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა „კაპიტულაციის გეგმაა".
როგორც მამულაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" ჩართვისას აღნიშნა, დოკუმენტში ჩამოთვლილი პუნქტები არ იქნება მიღებული უკრაინის მიერ.
„28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც აშშ-მა შესთავაზა უკრაინას, ეს არის უკრაინის კაპიტულაციის გეგმა და არა სამშვიდობო ინიციატივა. უკრაინელები და მათ შორის, ქართული ლეგიონები არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება ასეთ გეგმას, რადგან ეს ფაქტობრივად არის უსიტყვო კაპიტულაცია, ეს არის დანებება, სუვერენიტეტის დარღვევა, ჯარის შემცირება, ასევე ერთ-ერთი პუნქტი არის ნატოში არ შესვლაზე, რაც უკრაინისთვის მიუღებელია. ეს არის რუსეთის სურვილი და არა უკრაინის გადაწყვეტილება. 28 პუნქტიდან ვერ ვნახე ვერცერთი პუნქტი, რომელიც არის უკრაინის სასარგებლოდ, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკი ვერ მიიღებს და არც აქვს უფლება, როგორც პრეზიდენტს დათმოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინის მიწა აჩუქოს რუსეთს, მას შემდეგ, რაც ამდენი სისხლი დაიღვარა",- განაცხადა მამულაშვილმა და დასძინა, რომ ფრონტზე უკრაინული ჯარის განწყობა მაღალია და კონტრშეტევითი ოპერაციები გარკვეულ მონაკვეთებზე წარმატებით ვითარდება.
ის ხაზს უსვამს, რომ უკრაინას იარაღის დეფიციტი კვლავ აწუხებს, პრობლემა ომის დაწყებიდანვე არსებობს და ახალი არ არის.
„ჯარში განწყობა ამაღლებულია. კარგად გრძელდება კონტრშეტევითი ოპერაციები, გარკვეულ მონაკვეთებზე კარგი წარმატებაა მიღწეული. ჭირს შეიარაღება და ეს შეიარაღება ომის დაწყებიდანვე ჭირს. ეს არ არის, რაღაც ახალი", - განაცხადა მამულაშვილმა.
მისივე თქმით, არსებული პოლიტიკური და სამხედრო გარემო მხოლოდ ერთ ლოგიკურ გზას ტოვებს - ბრძოლების გაგრძელებას.
„სამწუხაროდ, ყველაზე რეალისტურია ის, რომ ომი გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს პირობები უკრაინას აშშ-მ შესთავაზა რუსეთთან ერთად. უკრაინას ძალიან რომ უნდოდეს, კაპიტულაციის გეგმას ვერ დასთანხმდება. თუნდაც პრეზიდენტს კონსტიტუციურად არ აქვს იმის უფლება, რომ დათმოს ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინისთვის ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი იქნება ბრძოლის გაგრძელება.
არ ვიცი რუბიოს რისი იმედი აქვს, ახლა რაც ფრონტის ხაზზე ხდება არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ომი შეიძლება დასრულდეს",- აცხადებს მამულაშვილი