
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა ათი პირის პროცესი მიმდინარეობს, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსების - მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. როგორც ადვოკატმა სხდომაზე განმარტა, არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძვლები, თუმცა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა და აღნიშნა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლომ განსაზღვროს.
ამასთან, მან ისაუბრა პროკურატურის პოზიციაზე, რომლის თანახმად, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, არცერთი საფრთხე თეორიულადაც კი არ არსებობს.
„ბრალდების მხარემ მიმოიხილა მტკიცებულებები. მტკიცებულებების სანდოობის ნაწილში არ შევალ, მაგრამ ის მტკიცებულებები, რაც ბატონმა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ მიმოიხილა, ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ თუ არა პატიმრობაში. მიმალვის საფრთხეზე საუბრობენ და მიმალვის საფრთხე როგორ არსებობს როცა ადამიანები პირდაპირ ეთერში აიყვანეს. ისინი ინტერვიუს იძლეოდნენ და მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ის უყურებდა ტელევიზორს, როცა შს მინისტრის მოადგილემ ბრალდებულთა ჩამონათვალი გააკეთა, ამ დროს მანჯგალაძე სახლში იყო.
რაც შეეხება გირაოს ნაწილს, არცერთის და არც მეორის მატერიალური მდგომარეობა უზღვავი არ არის, მაგრამ გონივრული ოდენობა სასამართლომ განსაზღვროს, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო არ იღებს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, მას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შენიშვნის სახით უთხრა, რომ „ნუ აყენებს სასამართლოს შეურაცხყოფას“. თავის მხრივ, ბექა ბასილაიამ ასე უპასუხა: „კი, ბატონო, თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება გირაოსთან დაკავშირებით“.