რეზონანსი
26.11.2025

მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებული, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ელენე გოგუაძის გადაწყვეტილებით, მას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელის ათვლის ვადა 20 ივნისია.

მოსამართლემ განმარტა, თუ რატომ არ გამოიყენა სასჯელის სახედ ჯარიმა. როგორც გოგუაძემ აღნიშნა, დანაშაულის რეციდივს ჰქონდა ადგილი. გოგუაძის თქმით, როდესაც რეციდივს აქვს ადგილი, სასჯელს ერთი წელი უნდა დაემატოს.

ასევე, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მელიას შემთხვევაში შემამსუბუქებელი გარემოება იყო ის ფაქტი, რომ მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნიეს.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა მელია პოლიციამ მიმდინარე წლის 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ნიკა მელია მსჯავრდებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×