თამთა ჩაჩანიძე
26.11.2025

17-18 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გაფართოებაა. მსჯელობა იქნება კანდიდატ ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოზე. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერისგან ცნობილი ხდება, რომ გერმანია გაფართოებაზე აღარ მუშაობს და ბერლინისთვის საქართველოს "ფაილი დახურულია".

საკითხზე, რას ნიშნავს, საქართველოს ფაილი დახურულია და რა შეიძლება გადაწყვიტონ დეკემბრის სამიტზე ევროპული საბჭოს ლიდერებმა, ანალიტიკოსები საქართველოს ნაწილში დადებით დასკვნას არ ელიან.

ნაწილის შეფასებით, ერთის მხრივ ევროკავშირი მკვეთრი ზომების მიღებაზე თავს იკავებს და ახალი შეიძლება არც არაფერი ითქვას. ნაწილი კი ამბობს, რომ არაფერი გამორიცხული არაა, რომ კანდიდატის სტატუსის გაუქმებაზეც დადგეს საქმე და უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზეც.

ამის პარალელურად, მმართველ პარტიასა და გერმანიის ელჩს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება, "ოცნებაში" ამბობენ, რომ ფიშერი "ვენის კონვენციას ყოველ დღე არღვევს" და ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, რასაც ელჩი უარყოფს.

ელჩისა და "ოცნების" დაპირისპირება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ფიშერი ვენის კონვენციას არღვევს.

„ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იტყუება, როცა ამბობს, რომ ვენის კონვენციის მიხედვით მოქმედებს, ვინაიდან, შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ცეცხლი ქუჩებში, „მოლოტოვის კოქტეილები" და საკმაოდ სერიოზული დაფინანსება, რომელსაც ბოროტების, დანაშაულების ჩამდენი ადამიანები იღებენ, ზოგი არასამთავრობოების და ზოგი პირდაპირ დაფინანსების მეშვეობით", - განაცხადა ვოლსკიმ.

თავად ფიშერი აცხადებს, რომ კონვენცია არ დაურღვევია და არც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარეულა.

"მე არასდროს ჩავრეულვარ და არასდროს ჩავერევი საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, საქართველოს შიდა საქმეებში. არასდროს დამიჭერია მხარი და არც არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არ გამიკეთებია ეს და არც გავაკეთებ, არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას.

"ვენის კონვენციის მესამე მუხლის მეოთხე წინადადებაში წერია, რომ დიპლომატიური აგენტის ერთ-ერთი საქმე არის ყველა კანონიერი გზით შეაგროვოს ინფორმაცია ქვეყანაზე, სადაც ის არის წარგზავნილი და მოახსენოს ამის შესახებ თავის ქვეყანას, მე სწორედ ამას ვაკეთებ.ვერავინ ვერაფერს წარმოაჩენს, რას დაადასტურებდა, რომ მე რამე უკანონო გავაკეთე. ბოდიშს ვიხდი ამ დიდი, მსუყე უარმყოფელი განცხადების გამო, მაგრამ ვიცი, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჩამოთვლილ სამივე საკითხში დამდებენ ბრალს, მაგრამ არცერთი ეს ბრალდება არ ყოფილა და არც იქნება სიმართლე." - განაცხადა ფიშერმა.

რას ნიშნავს "საქართველოს ფაილი დახურულია"

"ჩვენთვის ეს ფაილი დახურულია არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო, ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ნდობაზე დაფუძნებით. არსებულ პირობებში, არსებული კურსით გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე, არც არავინ ევროკავშირში, დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, როცა ჩვენი სახელმწიფოების მეთაურები შეიკრიბებიან, ისინი ამას დაადასტურებენ, ფაილი დაიხურება საქართველოს მხარის ქმედებების გამო",- აცხადებს ელჩი პიტერ ფიშერი "რადიო თავისუფლებასთან".

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ფაილი ისედაც დახურული იყო და ოკუპირებული ტერიტორიებით ბლოკში ისედაც არავინ შეგვიშვებდა.

"ეს განცხადება დასტურია იმისა, რაც დიდი ხანია უკვე გრძელდება. ამას ცოცხალი თავით არ ამბობდნენ, რადგან ეს მათთვის კატასტროფა იქნებოდა არა მარტო გერმანიისთვის, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერებისთვის და დიპლომატებისთვის.

კერძოდ ის, რომ 2008 წლის შემდეგ სააკაშვილის სისხლიანი სამხედრო-პოლიტიკურიავანტურის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო და იქ ბაზები დააყენა, საქართველოს სრულყოფილ წევრად მიღებაზე, არც ნატო-ში და არც ევროკავშირში საერთოდ საკითხი აღარ დგას, ეს მაშინვე გამოირიცხა.

"კერძო საუბრებში ამას ბევრჯერ გვეუბნებოდნენ, რომ თავისთავად ცხადია, რომ ეს სულ ასე იქნებაო, სტატუსები რამდენიც გინდა, მაგრამ მერე როცა აღმოჩნდა, რომ საქართველომ საშინაო დავალებების შესრულებაში ყველა კანდიდატ ქვეყანას გაუსწრო, პირველ ადგილზე გავიდა და არავითარი რესურსი არ იყო ეთქვათ, რომ აი ამის გამო და იმის გამოო, აი მერე უკვე გადავიდნენ, რაზეც გადავიდნენ.

"მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა, გამოდიან და პირდაპირ ამობენ, რომ მოლდოვას და უკრაინას ბევრად ჩამორჩებაო. ამ დროს, ყველა რეიტინგში, რომელსაც ევროპული და საერთაშორისო სტრუქტურები აქვეყნებენ, საქართველო ბევრად წინ უსწრებს იგივე ამ კანდიდატებს და ამას არ უყურებენ.

"როცა ჰერჩისნკის ჰკითხეს, თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეიტინგებით მანიპულირებსო, რას ქვია მანიპიულირებს? თქვენს ინსტიტუტებში იბეჭდება ეს, მაგრამ თეთრზე შავს ამბობენ",- განაცხადა მან.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს განცხადება ნიშნავს, რომ გერმანია საქართველოს გვერდში აღარ დაუდგება და არც გაფართოების მომხრე აღარ იქნება.

"ეს ნიშნავს, რომ გერმანია არანაირ სახსრებს აღარ დახარჯავს, არანაირ არც პოლიტიკურ და არც სხვა სახის ძალისხმევას არ მიმართავს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოემზადოს. ამ ეტაპზე ის საქართველოს ევროკავშირში წინსვლას ხელს არანაირად არ შეუწყობს.

"ძალიან ბევრი პროექტია, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მუშაობდნენ, ამას აფინანსებდნენ და ა.შ. მთლიანად აღარც არანაირ სახელმწიფოებრივ პროექტებსაც აღარ დააფინანსებს გერმანია საქართველოში. გინდა გარემოს დაცვა იყოს, გინდა გზებისა და სკოლების მშენებლობა და ა.შ."- განაცხადა გოგოლაშვილმა.

რას გვეტყვიან დეკემბერში

პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ ნაკლებადმოსალოდნელია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევაზეც მიდგეს საქმე.

"რაღაცა ძალიან მკვეთრი ზომების მიღებაზე სულ ფეხს ითრევენ, სკანდალი იქნება, რადგან ხომ უნდა დადო დოკუმენტი, რომ ამის და ამის გამო ჩამოვართვით სტატუსიო. ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ შეიძლენა კანდიდატის სტატუსის გაუქმებაზე დადგეს საქმე, ან რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, რომ განხილულ იქნას უვიზო რეჟიმის მოხსნა.

ან უბრალოდ გამოაცხადებენ იმას,რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისეთი კანონები მიიღო და იმდენად შეზღუდა დემოკრატია და იმდენი პოლიტპატიმარი ჰყავს, რომ საქართველოს რეალურად არც განვიხილავთ ამ გზაზე მდგარსო",- განაცხადა მამრაძემ.

კახა გოგოლაშვილს კი არ ჰგონია რაღაც ახალი თქვან.

"ზუსტად არ ვიცი რას ამზადებენ, მაგრამ არ მგონია რაღაც ახალი თქვან, უბრალოდ გაიმეორებენ იმას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის მზად არაა და ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსი შეჩერებული და გაყინულია.

არა მარტო გერმანიის, არამედ ევროკავშირის ფონდებოდანაც არ მოხდება ამ მიმართულებით არანაირი პროექტების დაფინანსება, არც პოლიტიკური და არც სხვა საუბრები საქართველოს ხელისუფლებასთან.

მარტო იმ საკითხებზე ილაპარაკებენ, რომლებიც ევროკავშირისთვის აუცილებელია, მისი უსაფრთხოებისთვის, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესებისთვის - რეგიონალური სახის პროექტებზე, რომლებშიც საქართველო უბრალოდ ბუნებრივადაა ჩართული, რადგან სხვა გზა არაა.

"დანარჩენი რაც ეხება ქვეყანას, მის განვითარებას, ევროპეიზაციას და ა.შ. ამაში უბრალოდ ევროკავშირი მონაწილეობას აღარ მიიღებს",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×