ნატალია ჯვარიძე
26.11.2025

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება. ამასთან, პარლამენტმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 1-ელი მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ამ ორი სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც უქმდება, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება.

პარლამენტმა "ბიზნესომბუდსმენის შესახებ" კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას და ადმინისტრაციის ლიკვიდაციას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება 86 - ხმით (1 წინააღმდეგი), I მოსმენით მიიღეს.

"ქართული ოცნების" ინიციატივით და მხარდაჭერით ძალადაკარგულად ცხადდება ორი კანონი - "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ" კანონი და "ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ" კანონი.

დროებითი ადმინისტრაცია 2026 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება ლიკვიდირებული. ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცეთ კომპენსაცია 3-თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: - გიორგი ვოლსკი, ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და თორნიკე ჭეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×