
ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, ხოლო მმართველი გუნდი დაპირებულ ინიციატივის - „ნაცმოძრაობასთან" ერთად კიდევ ოთხი პარტიის აკრძალვის ერთგული რჩება. რუსთაველის გამზირზე მცირე მასშტაბის პროტესტი გრძელდება, პოლიტიკურ სპექტრში კი „ძალთა ბალანსის" თემა კვლავ აქტუალურად დგას. რას ამბობენ ქართველი ექსპერტები მიმდინარე პროცესებზე და როგორ „პოლიტიკურ ამინდს" უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ დღეს ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაშია.
„ჩემი შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ რამდენიმე პარტიას ელოდება სამართლიანი აკრძალვა და 28 ნოემბრის აქცია იქნება, თუ 21 დეკემბრის-სააკაშვილის დაბადების დღის, არანაირი მნიშვნელობა აქვს, ეს აქციები ისევე უღიმღამოდ ჩაივლის, როგორც მანამდე ჩატარებული მასობრივი აქციები, რადგან თავად ოპოზიციის მხარდამჭერები დაიღალნენ ამ უაზრო დაპირებებით, ულტიმატუმებით ხელისუფლებისადმი, რომელიც არასდროს სრულდება, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციაში განხეთქილებაა.
მაგალითად, გახარიას პარტია პარლამენტშია, სვამს შეკითხვებს ხელისუფლების მიმართ, რაც კარგია, ზოგიერთი პარლამენტს გარეთ არიან, ზოგიერთი საკრებულოში შევიდა, მათ შორის ლელოს წარმომადგენლები, ამასაც ჰქვია სრული არათანმიმდევრულობა. თუ ოპოზიციის აზრით 2024-ის არჩევნებში იყო ე.წ რუსული ცესკო, 2025-ში შიეცვალა რამე ამ მიმართულებით? ნუ ავიწყდებათ, რომ ელექტორატი ბრძენია, იცის მტყუან-მართალის გარჩევა, ნებისმიერი კონტენტ-ანალიზის გარეშეც კი."-განაცხადა აბაშიძემ.
შავი ზღღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ რთულ მდგომარეობაშია, როგორც"ოცნება", ასევე ოპოზიციაც.
„ორივე მხარე რთულ მდგომარეობაშია და საერთო ჯამში, მგონია, რომ ქვეყანაზე აისახება აღნიშნული. ოპოზიცია რთულ მდგომარობაშია, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის ლიდერები უკანონოდ არიან ციხეში და, გარკვეულწილად, ოპოზიციას ეს ასუსტებს. შესაძლოა, ოპოზიციის შიგნით რაღაც უთანხმობაც არსებობს, უნდა გაიმართოს ოპოზიციაში მეტი მოლაპარაკება, რომ რაღაც კოორდინირებული მოქმედება არსებობდეს.
მისასალმებელია, რომ „თავისუფლების მოედან" დაფუძნდა, როგორც ახალი პოლიტიკური სუბიექტი, ეს კარგია. ოპოზიციის სასარგებლოდ ერთი რა შეიძლება ითქვას, რომ მე მგონი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ „ოცნების" მმართველობა პრობლემას უქმნის საქართველოს.
რაც შეეხება „ოცნებას", მისი რეიტინგი დაცემულია, მუნიციპალურ არჩევნებში მარტო 40 % გამოცხადდა ამომრჩეველთა, ისიც ყველამ არ მისცა ხმა მას, განსაკუთრებით, ეს თბილისს ეხება. გარდა ამისა, „ოცნება" უფრო ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. მითუმეტეს, შიდა კლანურ დაპირისპირებსაც აქვს ადგილი ... „ოცნება" ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, დასუსტებულია."-განაცხადა ჩიტაძემ.
რას უნდა ველოდოთ?
გია აბაშიძე „რაღაც რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება", აღნიშნავს,რომ ახლოვდება „ლოგიკური წერტილი", რომელიც არსებულ ქაოსს დაასრულებს.
„არ ველოდები, რომ რაღაც რადიკალური ცვლილბები მოხდება პოლიტიკურ ველზე, პირიქით, ვხედავთ, რომ მელია-სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იქით ცალკე, ჩერგოლეიშვილის „ფედერალისტები" უპირისპირდება „ნაცმოძრაობას", ანუ სრული , პოლიტიკური ე.წ აჯაფსანდალია. რეალური პრობლემა ისაა, რომ მმართველ გუნდს არ ჰყავს რეალური წონადი კონკურენტი, რომელიც მას ძალიან მწვავედ გააკრიტიკებს, თუნდაც სოციალურ პოლიტიკაზე ან სხვა მიმართულებით."
აბაშიძე ამბობს, რომ სამი წელი რჩება იქამდე , სანამ ახალი ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ველს შეავსებენ.
„ნახევრი პროცენტიც კი არ გამოდის ქუჩაში, ხედავს რა ამ აბდაუბდა პოლიტიკურ აქტივობებს, ამ ყველაფერს ბუნებრივია გამოიყენებს ნებიმისიერი მმართველი პარტია, გინდ ქართული ოცნება ერქვას ან სხვა დასახელება ჰქონდეს. ლოგიკური წერტილიც ახლოვდება, როცა რადიკალები აიკრძალებიან და სამი წელი რჩება იქამდე, სანამ ოპოზიციურ ველზე გამოჩნდებიან ნორმალური მემარჯვენე თუ მემარცხენე პარტიები.
ასაკრძალი პარტიები უცებ არ აიკრძალებიან, ცხადია, საკონსტიტუციო სასმართლო ასე სწრაფად არ მუშაობს, მანამდე გაგრძელდება ეს მასობრივი პროტესტები, ოღონდ რას აპროტესტებენ, აქაც აბსოლიტური დისონასნი აქვთ" - განაცხადა აბაშიძემ.
ნიკა ჩიტაძე საუბრობს პესიმისტურ და ოპტიმისტურ სცენარზე:
პესიმისტური სცენარი იქნება-„ ქართულმა ოცნებამ" შეიძლება შეინარჩუნოს ძალაუფლება გარკვეული დროის განმავლობაში, სანქციების მიუხედავად, ივანიშვილს აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ გარკვეულწილად, თუნდაც დეზინფორმაციის კამპანია აწარმოოს, პლუს, ძალოვან სტრუქტურებს დაეყრდნოს. იმ პერიოდში, როცა ევროკავშირის შიგნით არ არსებობს კონსესუსი, რომ დაუწესდეს სანქციები „ოცნების" მაღალჩინოსნებს.
უფრო ოპტიმისტური სცენარი იქნება - შეიძლება აკრძალონ იქ 3 ოპოზიციური პარტია, მაგრამ, რეალურად, ეს პარტიები დე ფაქტოდ მაინც გააგრძელებენ საქმიანობას, თუ სანქციები დაუწესდება „ოცნებას", და თუ რუსეთი დასუსტდება, თუ ოპოზიცია იმუშავებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, პლუს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლამ შეიძლება „ოცნება"აიძულოს, რომ პოლიტიკური პარტიები არ გააუქმოს და დათანხმდეს არჩევნებს, თუ გააუქმა სხვა პოლიტიკური სუბიექტები გამოჩნდეს და „ოცნების" მმართველობა დასუსტდეს და ხელისუფლება შეიცვალოს.
„მაგრამ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. მოკლევადიან პერსპექტივაში „ოცნება" შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებს გვინდა-არგვინდა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გაუჭირდება."-განაცხადა ჩიტაძემ.