"ამ საკითხის მოგვარება მართლაც საკმაოდ რთული იქნება, რადგან ადამიანს დახმარებაზე უარის თქმა საკმაოდ გაუჭირდება, თუნდაც არ იმსახურებდეს"
თამარ ვეფხვაძე
26.11.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, თუმცა სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რეალური რაოდენობაა. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ ბაზაში ადამიანთა გარკვეული კატეგორია ზედმეტია და მათ დახმარების არანაირი საჭიროება არ უდგათ. 

ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სოციალური დახმარების სისტემა ნამდვილად მოსაწესრიგებელია, მეორე ნაწილი თვლის, რომ სახელმწიფომ სოციალური დახმარება კი არ უნდა მოაწესრიგოს, ისეთი პირობები უნდა შექმნას, რომლითაც წარმოების განვითარებას და დასაქმების ზრდას შეუწყობს ხელს. ასეთ შემთხვევაში ადამიანს არ გაუჩნდება დასახმარებელთა სიაში მოხვედრის სურვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა დოლარში ორჯერ და მეტად გაიზარდა, რამაც ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შეამცირა. 2020 წლის ბოლოს, ეკონომიკა, დაახლოებითთ, 4300 აშშ დოლარი იყო, დღეს კი, დაახლოებით, 9200 დოლარამდეა გაზრდილი, ერთ სულ მოსახლეზე და 10 000 აშშ დოლარს გადასცდება. 

„ეკონომიკა გაიზარდა დოლარში ორჯერ და მეტად. ლარშიც გვქონდა სწრაფი ზრდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება - 20%-დან ჩამოვიდა 9.4 %-მდე. პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა,  ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას. ხაზს ვუსვამ პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი გადასახედია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან“, - განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებას ეთანხმება ეკონომისტი პაატა აროშიძე, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სოციალური დახმარების სისტემის მოწესრიგება სცდება სოციალურ-ეკონომიკურ ჩარჩოებს და ხშირად, პოლიტიკურ რანგში გადადის. ეკონომისტი აზრით, გადაჭარბებულია იმის თქმა, თითქოს ქვეყნის მოსახლეობაში, ყოველი მეოთხე ან მეხუთე უპოვარი და სოციალურად დაუცველია, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ამიტომ, აროშიძის შეფასებით, ეს სისტემა აუცილებლად მოსაწესრიგებელია. 

„თუმცა ამ საკითხის მოგვარება მართლაც საკმაოდ რთული იქნება, რადგან ადამიანი, რომელიც იღებს შემწეობას, თუნდაც ის მინიმალური იყოს და მას დამატებითი შემოსავალიც ჰქონდეს, დახმარებაზე უარის თქმა საკმაოდ გაუჭირდება. აქ, პირველ რიგში, საჭირო გახდება მეთოდოლოგიის შემუშავება და მკაცრი კრიტერიუმების დადგენა. დღეს დადგენილია ქულების მინიჭების კრიტერიუმი, მაგრამ გარკვეულ ეტაპებზე, დამატებითი მონიტორინგი აუცილებელია. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა, 4-5 წელიწადში ერთხელ, ეს ბაზა გადაიხედოს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას პაატა აროშიძემ.  

სწორედ მეთოდოლოგიის შემუშავებასა და თუნდაც მკაცრი კრიტერიუმების განსაზღვრას მოჰყვება უსიამოვნო პროცესი - ცხადია, პოლიტიკური ანგაჟირების გარეშე, ეს თემა არ ჩაივლის. „რეზონანსის“ კითხვაზე, როგორ უნდა მოძებნოს ოქროს შუალედი ხელისუფლებამ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი ჩამოართვას მათ, რომლებიც ამ სტატუსს არ იმსახურებენ, ოღონდ ისე, რომ მართლაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა არ დაზარალდეს, პაატა აროშიძემ გვიპასუხა:

„მოდით, ეს პრობლემა მომავალი თაობის პოზიციიდან გადავჭრათ, რადგან არავისთვის სასურველი არ არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რიგებში ყოფნა. ვფიქრობ, ფსიქოლოგიური კუთხით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და არა ისე, რომ ხვალვე დავიწყოთ მონიტორინგი, რის შედეგადაც გარკვეულ რაოდენობას შეუწყდება დახმარება. ალბათ ფსიქოლოგიური მეთოდი უფრო იმუშავებს, ვიდრე მკაცრი რეგულირების მექანიზმი“, - განაცხადა პაატა აროშიძემ.  

სოციალური დახმარების სისტემის მოწესრიგების, ახალი მეთოდოლოგიის ან კრიტერიუმების შემუშავების და ზოგადად, ყოველგვარი სოციალური დახმარების გაცემის წინააღმდეგია ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი. „რეზონანსთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობის მიერ შემღებული მანკიერი პრაქტიკა, "ქართულ ოცნებას" არც კი შეუცვლია. 

„დიახ, მე ხელისუფლების გულშემატკივარი ვარ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ დახმარებებზე საუბრის დაწყებაც კი, უკვე არასწორია. მთელ სისტემას სჭირდება გადააზრება, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ შეუცვლია ის, რაც „ნაცებმა“ დანერგეს. მთავარი ხომ ისაა, რას გინდა მიაღწიო - ამ ქვეყანაში უნდა მიაღწიო კეთილდღეობას, რომ არავის უჭირდეს, სოციალური დახმარების მიღების მსურველიც კი არავინ იყოს, გამონაკლისების გარდა. ეს ნიშნავს, რომ დასაქმება უნდა იყოს სრულ დასაქმებასთან მიახლოებული, სამუშაო რომ ჰქონდეს ყველას, ვისაც მუშაობა უნდა და შეუძლია. დახმარებაში ამდენი ფულის გადახდას, უმჯობესია, მოიფიქრონ სქემა, როგორ უნდა იყოს ამ ქვეყანაში მეტი წარმოება და მეტი დასაქმება“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა.  

როგორც მან აღნიშნა, ეს სქემა უკვე მოფიქრებულიც აქვს. მაგალითად, ის დარგები, რომლებიც საქართველოში არ არის განვითარებული, მათ შორის, აბრუშუმის წარმოება, მანქანათმშენებლობა და კიდევ მრავალი სხვა, 20-30 წლით უნდა გათავისუფლდეს გადასახადებისგან. სოსო სიმოშვილის აზრით, ამით სახელმწიფო ბიუჯეტს არაფერი დააკლდება, რადგან ეს დარგები ისედაც არ არსებობს. სამაგიეროდ, მომდევნო ხუთ წელიწადში, ისეთი ბუმი იქნება ინვესტიციების (როგორც უცხოურის, ასევე ადგილობრივის), რომ ქვეყანაში უმუშევარი ადამიანი არ დარჩება. ექსპერტის განცხადებით, ეს ძალიან ადვილად შესასრულებელი გეგმაა, რომელიც რეალურად წაახალისებს ქვეყნის აღმშენებლობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×