
საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს, მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ უნივერსიტეტში, Sciences Po-ში სტუდენტებთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, ერთ-ერთმა დამსწრემ ზურაბიშვილს ჰკითხა, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან მუშაობა, რათა აღკვეთოს რუსეთის მიერ საინფორმაციო და ტექნოლოგიური საშუალებების მიერ საქართველოში ვითარების გაუარესება.
“პასუხი ნამდვილად არ არის საქართველოს მთავრობასთან მუშაობა. საქართველოს მთავრობა აღარ არსებობს. მარიონეტი მთავრობა გვყავს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვიდან იღებს ინსტრუქციებს, ყოველ მეორე დღეს რუსეთის ლიდერებისგან იღებს კომპლიმენტებს და ძალიან აგრესიულია საქართველოში ევროკავშირის ან შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიმართ, ძალიან აგრესიულია ყველა ევროპული პოლიტიკური ქმედების მიმართ.
ასე რომ, მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა არ არსებობს. არსებობს გარედან მუშაობის შესაძლებლობები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.