
სოფლის გამგებელს 15 წლის მოზარდი ძალადობაში ადანაშაულებს. სკოლის მოსწავლე ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელემ, ოგანნეს გაბრიელიანმა, რომელიც ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელია, ის სცემა და ჯგუფურ ანგარიშსწორებაში სხვა ხუთ პირთან ერთად იღებდა მონაწილეობას.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი თანასოფლელ მოზარდებს შორის დაიწყო, რის შემდეგაც არასრულწლოვანის ცემაში დაჯგუფება ჩაერთო.
დაშავებულის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ოგანნეს გაბრიელიანი სკოლის მოსწავლეს აედევნა და ფიზიკურად იძალადა.
ოჯახის მტკიცებით, მოზარდს მრავლობითი დაზიანებების კვალი ეტყობა. ის საავადმყოფოდან დღეს გაწერეს.
მოზარდის ახლობლები აცხადებენ, რომ საჯარო მოხელის ახლობლები ანგარიშსწორების შემდეგ პოლიციაში თავად გამოცხადდნენ, თუმცა ხელი დაშავებულს დაადეს.
"5 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, სამი მათგანი 50 წელს გადაცილებული იყო. მოვიდნენ თავიანთი ფორდის მანქანით, ვინც შეხვდათ გზად ყველას სცემდნენ. ეს ფაქტი ბავშვმა, რომ დაინახა როგორ ურტყამდნენ ხალხს, გაიქცა... გზაში დაიჭირა სოფლის გამგებელმა, მანქანასთან მიაყენა და სცემა მანამ, სანამ ბავშვს არ აღებინა... იხრჩობოდა ბავშვი. მოტეხილობები არ ჰქონია, მაგრამ დალურჯებები ჰქონდა, ნეკნები და თავი სტკიოდა. ექვსივე ოჯახის წევრია და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი ხალხს ესხმიან თავს და სცემენ. ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა" - ამბობს მოზარდის ოჯახის წევრი TV პირველთან.
განმარტებები გააკეთა სოფლის გამგებელმაც - ოგანნეს გაბრიელიანი ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს. ამტკიცებს, რომ ინციდენტში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.
ირკვევა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო - პოლიციელები იმყოფებოდნენ საჯარო მოხელის სახლშიც.
"არ ვიცი რაზე მესაუბრებით, მე არანაირ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიმიღია, რაზეც მესაუბრებით ჭორია. გიდასტურებთ, რომ პოლიცია ნამდვილად იყო ჩემთან და გამომკითხეს, თუმცა არ ვიცი რა შუაში ვარ ამ დაპირისპირებასთან" - თქვა სოფლის გამგებელმა.
წყარო: TV პირველი