
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, მოლაპარაკებები არ ჩაშალოს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს და გადაწყვეტილებები აქედან გამომდინარე მიიღოს.
ლუკაშენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ზღვაზე გასასვლელი და ისეთი ქალაქები აქვს, როგორებიც ოდესა და ნიკოლაევია, ეს ყველაფერი, შესაძლოა, ძალიან სწრაფად გაქრეს.
„არსებული რეალობიდან გამომდინარე, დაფიქრდით, როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ. თქვენ ზღვაზე გასასვლელიც გაქვთ, ოდესაც და ნიკოლაევიც თქვენია, მაგრამ ეს ყველაფერი, შესაძლოა, ერთ წამში, თვალის დახამხამებაში აღარ იყოს. ამიტომ ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოთ და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ“, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის თუ სურს, რომ „უკრაინა იმ საზღვრებში დარჩეს, რაც დღეს აქვს ფრონტზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, მოლაპარაკებაა საჭირო“.
„შეწყვიტეთ ომი, სადაც არა თქვენი, არამედ სხვა ადამიანების შვილები იღუპებიან. აი, ამაშია ზელენსკის პრობლემა – სხვა ადამიანები იღუპებიან. ყველაზე მთავარი არის ის, რომ თქვენ ქვეყანას დაკარგავთ“, – აღნიშნავს ბელარუსის პრეზიდენტი.