
392 ხმით 88-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა მხარი იმ საკანონმდებლო ცვლილებას დაუჭირა, რომლითაც გამჭვირვალობის კანონი უფრო მკაცრდება. ცვლილება, თითოეულ წევრ ქვეყანას შეეხება. შეიქმნება ეროვნული რეესტრის სისტემა, რომელშიც სხვა სახელმწიფოების მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დარეგისტრირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობაში იქნება შემჩნეული, ორგანიზაციას ეტიკეტი "ნეგატიური" მიენიჭება. რაც დეფინიცია "უცხოური აგენტის" - სახეცვლილი ვერსიაა.
ევროპელი დეპუტატების განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთი მიზეზი - უცხოური ჩარევებისგან თავის დაცვა, პოლიტიკურ გაერთიანებაში უკონტროლო ფინანსური შემოდინების გაკონტროლება და უცხო ქვეყნების მხრიდან მომავალი ნეგატიური ინტერების შეზღუდვაა. ანუ ის, რაზეც უკვე კარგა ხანია საუბრობენ თბილისში. თუმცა, გამჭვირვალობის კანონის მიღებას თავის დროზე ბრიუსელიდან შეშფოთება და დაუსრულებელი კრიტიკა მოჰყვა. სწორედ ეს ფაქტი აფიქრებინებს დღეს მმართველ გუნდს, რომ ევროკავშირი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
უკვე შემდგარი საკანონმდებლო ცვლილების მიმართ კრიტიკა გამოხატა ევრობიუროკრატების მცირე ნაწილმა. სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე, კრიტიკოს მემარცხენეთა ჯგუფის წარმომადგენელმა, ისიც თქვა, რომ დარეგისტრირებული პაკეტი - ქართული და უნგრული კანონების ანალოგია. საპასუხოდ, დადასტურდა, რომ საკანონმდებლო ცვლილება სხვა სახელმწიფოების პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა და ის ისეთივე დემოკრატიულია, როგორც ის ქვეყნები, რომელთა გამოცდილების გაზიარებაც მოხდა.
ამ განცხადებების შემდეგ, პირდაპირ თუ ირიბად დადასტურდა, რომ საქართველოს მიერ მიღებული გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ბრიუსელის მორიგი ორმაგი სტანდარტის შესახებ კითხვას თავს არიდებს, მეორე ნაწილი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამჭვირვალობას მიესალმება.
ისინი, კი ვინც გამჭვირვალობის კანონპროექტი, არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონად აქციეს მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დღეს ყველაზე მეტად არიან დარწმუნებულები. კანონმდებლები საპარლამენტო უმრავლესობიდან, ამბობენ, რომ ბრიუსელელი ბიუროკრატები, მხოლოდ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ
საკანონმდებლო ცვლილება უკვე მიღებულია. ის ახლა უწყებათაშორისი განხილვის ეტაპზე გადავიდა. უკვე ცნობილია, ის სფეროები, რომლებიც რეგულაციას დაექვემდებარებიან, ვრცელ სიაში შემდეგი მიმართულებებიც მოხვდა - შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება. კონსულტაციებში ჩართვა. საკომუნიკაციო კამპანიების, მათ შორის სოციალურ ქსელებში ინფლუენსერების გამოყენება. დოკუმენტების მომზადება და კვლევითი საქმიანობა.