ნატალია ჯვარიძე
28.11.2025

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შეფასებიბას „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემა ლოგიკური მიზნის არქონაა. მისივე აზრით, მათი გეგმები და მოწოდებები ბუნდოვანია. გარდა ამისა, ის აშშ-საქართველოს ურთიერთობების პოზიტიურად გადატვირთვასაც არ გამორიცხავს.

რამაზ საყვარელიძე: ზურაბიშვილის მოწოდება გაერთიანებაზე ახალი არ არის, რამდენი ხანია ისმის. მეორეც ერთი, ერთიანდებიან „ოცნების" დასამარცხებლად, მეტი ხომ არაფრისთვის? აბსოლუტურად გაუგებარია, რა მოაქვს ხელისუფლების დამარცხებას მოსახლეობისთვის. ისინი ხომ არ დებენ თავიანთ პროგრამას? იგივე შეცდომა აქვთ დაშვებული ოპოზიციურ პარტიებს, როცა მათ პროგრამებში პოზიტიური არაფერი ჩანს. იქ ვერ ვხედავთ, თუ რას მოუტანს მათი გამარჯვება ხალხს. თუკი აღმოჩნდა, რომ მათი გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის" დროინდელ წყობის დაბრუნებას ითვალისწინებს, მაშინ ეს მათთვის მიმზიდველი არ იქნება. ასე რომ, გაუგებარია ეს ყველაფერი.

„რეზონანსი": საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა დღის წესრიგში დადგება და ეს პოზიტიური გადატვირთვა იქნება. რამდენად რეალურია ეს არსებულ ვითარებაში?

რ.ს: ცხადია, ბოჭორიშვილი გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე ჩვენ, ამიტომ რთულია ამ საკითხზე საუბარი. თუმცა სინფორმაციო ველზე რაც ჩანს, სავარაუდოა, რომ ეს რეალურია, ვინაიდან ვხედავთ ამერიკის საპრეზიდენტო და ულტრალიბერალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება იზრდება. ეს ის ჯგუფებია, რომლებიც ჩვენ ჯიუტად გვიტევენ. პრაქტიკულად გამოდის, რომ დაპირისპირების ერთ მხარეს ჩვენ ვართ - ანუ მათთან ერთად ვართ, ვინც კონსერვატიზმის დროშის ქვეშ ერთიანდება. ესენია ტრამპი, ორბანი და ფიცო. მეორე მხარეს ულტრაბილერალებიარიან.

ასეთი დაპირისპირება ქმნის იმის საფუძველს, რომ ერთ მხარეს ვინც ვართ, დიალოგში შევიდეთ და საქმიანი ურთიერთობა დაიწყოს. ხედავთ, რომ ევროპაში კონსერვატიული ორიენტაციის ქვეყნები გაერთიანებებს ქმნიან. ალბათ, ასეთ გაერთიანებაში მოიაზრება ამერიკა და მართალია მასშტაბურად პატარა, მაგრამ საქართველო. ამ ლოგიკით სავარაუდოდ, ბოჭორიშვილი სწორია.

„რ": როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლების ოპონენტები პროტესტს აგრძელებენ და დღეს, 28 ნოემბერს აქცია იმართება, ასევე პარლამენტთან რამდენიმე ოპოზიციონერი შიმშილობს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ნელ-ნელა აქციები კვდება. რა პერსპექტივა აქვს პროტესტს?

რ.ს: ფიზიკურად ვხედავთ, რომ აქციები მილევადია. რა ხდება რუსთაველზე, სადაც საპროტესტო აქციის მასშტაბი უფრო შემცირებულია? ალბათ, დღეს უფრო მოხერხდება მუხტის ცოტა აწევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაგრძელდება, რადგან ზოგადად, აქციებს აქვს ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება - ყოველთვის უნდა ჰქონდეს ლოზუნგი და მიზანი. ამ გამოსვლების მიზანი კი ბუნდოვანია. მარტო იმას ამბობენ, რომ ხელმეორედ უნდა დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები. რა არის იმის კრიტერიუმი, რომ თუ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, ეს სამართლიანი იქნება? მაგაზე ლაპარაკი არაა. თუკი იტყვიან, კომისია დასავლეთიდან ჩამოვიყვანოთ, მათ გაცხარებული ბრძოლა აქვთ დღევანდელ ხელისუფლებასთან და რასაკვირველია, იქიდან ჩამოყვანილი კომისია „ოცნებას" დაუპირისპირდება. ასე რომ, ამაზე თავად მმართველი პარტია არ წავა და მათ შორის, არც მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამიტომ ამ აქციების იდეა ჩიხშია. რასაც ითხოვენ, გამოსავალი არ არის და რჩება შთაბეჭდილება, ეს მოთხოვნა მოფიქრებულია იმისათვის, რომ აქციები გამართონ. რამე მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეთ და ეს მოიგონეს.

„რ" უკრაინის სკითხი რომ შეაფასოთ, საბოლოოდ როგორ შეიძლება დასრულდეს? მოუწევს თუ არა უკრაინას ტრამპის სამშვიდობო გეგმის მიღება?

რ.ს: მოდით, საკითხი ასე დავსვათ, მოუწევს თუ არა ზელენსკის ამ გეგმაზე დათანხმება, თუ ტრამპს მოუწევს ომის გაგრძელებაზე დათანხმება? ჯერჯერობით ლაპარაკი იმაზეა, ომი გაგრძელდეს თუ შეწყდეს. დიდი შანსია, რომ ზელენსკისთან ერთად რუსეთიც გაჯიუტდეს, რადგან მართალია ცოტათი, მაგრამ წინ მაინც მიიწევს და ვინც ასეთ პოზიციაშია, მას ომის დასრულება არ აწყობს. ამ დეტალებიდან ისეთი ვერსიები იკვეთება, რომ ომის შეწყვეტას არ დათანხმდებიან, მაგრამ ვვარაუდობ, ტრამპი მიიღებს ომის გაგრძელებას. ამას იმიტომ ვვარაუდობ, რომ თუ ომი გაგრძელდება, ამერიკა არაფერს წააგებს. წააგებს უკრაინა და ევროპა, რომლებიც ტრამპს გულზე არ ეხატება. ასე რომ, ტრამპი უფრო იოლად დათანხმდება ომის გაგრძელებას, ვიდრე ევროპა, პუტინი და ზელენსკი მშვიდობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×