მარიამ ვეკუა
28.11.2025

ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდიდან გადინების პროცესი გრძელდება. ის ამჯერად ზაზა თავაძემ დატოვა. პარტიაში ამბობენ, რომ ეს პროფესიული არჩევანია. მმართველ გუნდში კი ნიშნის მოგებით იძახიან, რომ გახარიას პარტია იშლება. ექსპრემიერის პოლიტიკურ გუნდში იმასაც ამბობენ, რომ 28 ნოემბრის აქციაში მოანწილეობას არ აპირებენ, რადგან „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს".

ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის და პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ ზაზა თავაძე „ფეისბუქზე" წერს. „დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი - ალბათ, უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს: კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები.

"მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მხარდაჭერის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის. მუდმივად მიგულეთ თითოეული თქვენგანის მეოხად და გულშემატკივრად!"- წერს ზაზა თავაძე.

„გახარიელებს" რომ კითხოთ, „ნაციონალური მოძრაობის" გახსენებაზე აჟრიალებთ, მაგრამ მათ წევრებში იყვნენ და არიან „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და წარსულში მყოფი წევრები. მაგალითად, ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც უმაღლეს თანამდებობას იკავებდა და მანამდე იყო ადეიშვილის მოადგილე.

"იშლება ეს პარტია. გახარია თავისივე პარტიის წევრებს პატივს არ სცემს. ეს სტიპენდიატი ცდილობს, ადამიანები მიიტმასნოს მხოლოდ და მხოლოდ თავისი მიზნების განსახორციელებლად და შემდეგ ამ ადამიანებს უწოდებს ხოლმე დროებით პროექტებს, როგორც ეს ქალბატონ აქუბარდიასთან დაკავშირებით გააკეთეს. მისთვის ადამიანს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მიღებული დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს ყველაფრის ფასად", - თქვა ამის კომენტირებისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

თავად გახარიას გუნდში, „წასულებზე არ ჩერდებიან" და ამბობენ, რომ თავაძეს გადაწყვეტილება „ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდანაა მიღებული".

„ზაზა თავაძე არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად პროფესიონალი ადამიანი. ნამდვილად ვამაყობ, რომ მას კარგად ვიცნობ, ერთად ვიყავით თბილისის საკრებულოში რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც მე ვიცი, დაუბრუნდა თავის პროფესიულ საქმიანობას. იცით, რომ ის არის უმაღლესი დონის პროფესიონალი იურისტი, მუშაობს, მათ შორის, სამეცნიერო მიმართულებით. მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. დარწმუნებული ვარ, როდესაც ის თავის კვლევას, რომელსაც თუ არ ვცდები, გერმანიაში აკეთებს, დაასრულებს და როდესაც პოლიტიკას დასჭირდება, ზაზა თავაძე დაბრუნება პოლიტიკაში. ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან მიღებული გადაწყვეტილებაა", - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ.

„ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა"

ოპოზიციური პარტიების ნაწილი რამდენიმე კვირაა 28 ნოემბრის აქციას აანონსებს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ აქციას გახარიას გუნდი არ შეუერთდება. პარტიამ განაცხადა, რომ სადაც ნაცმოძრაობაა , იქ მათი ადგილი არ არის.

„ზუსტად 1 წლის წინ, ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც, სამწუხაროდ, გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა," - განაცხადა გახარია-საქართველოსთვის დეპუტატმა ვიკა ფილფანმა .

პროტესტის საკითხს გამოეხმაურა ამავე გუნდიდან გიორგი შარაშიძეც, ისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლო ქმედებებმა დააზიანა და „მათ რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა ჰქონდეთ", აქციას საერთოდ აღარ გაეკარებოდნენ.

„საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს". სანამ ის ძალა იქ არის და აზიანებს პროტესტს, ჩვენ არ გვინდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ პროტესტის დაზიანებაზე, იმიტომ რომ გული შეგვტკივა ამ პროტესტზე. იმიტომ ვართ დღეს აქ (პარლამენტში) რომ მიგვაჩნია, ჩვენი აქ ყოფნით გაცილებით სწორი და ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია „ოცნებისთვის", ვიდრე ამ შემთხვევაში, ქუჩიდან.

„გიმეორებთ, რომ ამ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას". 2024 წლის 28 ნოემბერი რომ არის ქვეყნის ინტერესების ღალატის დღე, რომელიც „ოცნებამ" და კობახიძემ ჩაიდინა. ამას აქედან, პარლამენტის ტრიბუნიდან გეუბნებით და დარწმუნებული ვარ, ამაზე მწვავე ვერც ერთ განცხადებას ვერ მოისმენთ დღეს, მათ შორის, ქუჩიდან. უბრალოდ, თქვენ მოგწონთ ქუჩიდან ყვირილი, ჩვენ უფრო კარგად გამოგვდის, მათ შორის, ტრიბუნიდან საუბარი", - განაცხადა შარაშიძემ.

28 ნოემბერს 1 წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

პრემიერის განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც, სხვადასხვა ინტენსივობით, 365 დღეა გრძელდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×