
ყველანაირად ცდილობენ საზოგადოებაში დათესონ შუღლი, სიძულვილი და შემდეგ ამით მართონ. ჩვენი მთავარი მზიანია, რომ საზოგადოებას დავანახოთ სიმართლე და ეს მოვახერხეთ კიდეც. ამაზე მეტყველებს ის მხარდაჭერა, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, კულტურის თუ სპორტის სფეროს წარმომადგენლების მიმართ ბულინგიც აქედან მომდინარეობს, რომ თუ კი ისინი არ იზიარებენ რადიკალების მსოფლმხედველობას, მაშინ მტრები არიან. გიორგი გაბუნიას განცხადებით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის ცდილობენ გააღვივონ სიძულვილი და შემდეგ ამ სიძულვილით მართონ ისინი.
„ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ საქმეზე არიან ორიენტირებულები. აკეთებენ საკუთარ საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით, თავდადებით და მუხლჩაუხრელად ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას. ეს იქნება სპორტსმენები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები თუ სხვა. ვერავის ვერ მოვთხოვთ პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს ან სიღრმისეულ ცოდნას, ეს არ არის მათი საქმე. ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ სხვადასხვა წყაროებიდან ხშირ შემთხვევაში არის მართული ზუსტად იმ „ენჯეოაგენტურისგან“, იმ გარედან მომდინარე ფინანსებიდან. ხდება ამ ინფორმაციის შემზადება ისე და იმგვარად, რომ მოხდეს საზოგადოებაში რადიკალიზაციის პროცესების გაღვიძება. ყველანაირად ცდილობენ საზოგადოებაში დათესონ შუღლი, სიძულვილი და შემდეგ ამით მართონ, სიძულვილით მართონ. ჩვენი მთავარი მზიანია, რომ საზოგადოებას დავანახოთ სიმართლე და ეს მოვახერხეთ კიდეც. ამაზე მეტყველებს ის მაღალი მხარდაჭერა, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე, საპარლამენტო არჩევნებში. ვხედავთ, რომ საზოგადოება მოგვყვება და ესმის ის უზარმაზარი საფრთხეები, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე. არა ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ მოხდა ქვეყანაში ხელოვნურად საპროტესტო მუხტის გაღვივება და აგორება. საზოგადოების თითოეულ წევრს გვაქვს იმისა ვალდებულება, რომ სწორად შევაფასოთ ის რაც ხდება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.