
„ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს გადასცემს“, - სტატიას ამ სათაურით The Telegraph-ი აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მზად არის აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მისაღწევად.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე ჯარედ კუშნერი გააგზავნა მოსკოვში, რათა მათ ეს წინადადება პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გააჟღერონ.
„როგორც ჩანს, ტერიტორიების აღიარების გეგმა, რომელიც აშშ-ის დიპლომატიურ კონვენციას არღვევს, შესრულდება, უკრაინის ევროპელი მოკავშირეების შეშფოთების მიუხედავად“, - წერს გამოცემა.
The Telegraph-ის წყარო აღნიშნავს, რომ ამერიკელებს არ აღელვებთ ევროპელების პოზიცია. „ისინი ამბობენ, რომ ევროპელებს შეუძლიათ რაც უნდათ, ის გააკეთონ“, - აცხადებს წყარო.
პარასკევს კრემლში განაცხადეს, რომ თავდაპირველი სამშვიდობო გეგმის განახლებული ვარიანტი მიიღეს, რომელიც ჟენევაში უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავდა.