
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია, რადგან ჩვენ რაც BBC-ის მხრიდან ვნახეთ და მოვისმინეთ, ყველანაირ ზღვარს გასცდა, უკვე მარაზმში არიან გადასულები, გასაკვირი არ არის, როდესაც ჩვენ იმ მეინსტრიმ მედიაზე ვსაუბრობთ, როგორიც არის BBC, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, BBC-ის სახე მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ გამოჩნდა.
„ნიშანდობლივია თეთრ სახლში, რომ დაემატა ერთი გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ BBC-ც მოხსენიებულია. გავიხსენოთ რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რასაც შეეწირა, დირექტორი, ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორი. ამ ყველაფრის შემდეგ რას ვხედავთ? ვხედავთ სრულიად მარაზმს, აბსურდს ვისზე დაყრდნობით? ჩახუნაშვილი და ა.შ. რიგითი აგენტურები, პატარა „აგენტუკები“, რომლებიც ჩადიოდნენ და ქვეყნის საწინააღმდეგოდ ცრუ დასმენას ახდენენ. შედარებით მძიმეწონიანი აგენტურული ქსელის წარმომადგენლებიც ვნახეთ, ეს ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა. როდესაც ასეთი მედიასაშუალებებისგან ვხედავთ ასეთ დამოკიდებულებას, ვისმენთ ასეთ უსტანდარტო და სიცრუეზე აგებულ ინფორმაციას, რაზე უნდა ვისაუბროთ? რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, რაც ევროპის შუაგულში ეს დამანგრეველი ომი დაიყო. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც BBC, CNN რატომ აკეთებდნენ ყველა იმ განცხადებას, რასაც ვისმენდით, მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოება მაქსიმალურად სიცრუეში შეეყვანათ. საზოგადოება ეიძულებინათ, რომ მაქსიმალურად ცრუ აღქმების თეორიაში და თავის შექმნილ ცრუ ილუზიაში ეცხოვრათ. მათი მიზანი ეს არის. კარგად გვახსოვს ჩვენს ქვეყანაში რა ხდებოდა. ეს ხომ ერთი დიდი მანქანაა, რომელი მანქანაც „დიფ სთეითმა“ მსოფლიოში ამოქოქა, რათა ყველა ქვეყანა თავის მეინსტრიმმედიებით, პოლიტიკოსებით თუ ბიუროკრატებით შანტაჟის ქვეშ ჰყოლოდათ. გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა კირცხალიამ.