
ტერორისტულ აქტს უნდა ჰქონდეს ტერორისტული მიზანი. ჩვენ ვერ ვხედავთ წაკიდებულ ცეცხლს, გამოყენებულ იარაღს , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.
რეხვიაშვილის თქმით, ელისაშვილმა ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის გაგრძელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას იარაღის ტარების კანონიერ უფლება ჰქონდა.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ელისაშვილის მიერ ტერიტორიის დატოვება და ძალადობაზე უარის თქმა ადასტურებს, რომ მისი ქმედება არ ნებისმიერი ფორმით არ შეესაბამება ტერორიზმის ნიშან-თვისებებს.
„ეს არის აბსურდული ბრალი. რეალურად, ალექსანდრე ელისაშვილმა ნებაყოფლობით ხელი აიღო დანაშაულის ჩადენაზე. მოგეხსენებათ, მას ჰქონდა იარაღის ტარების უფლება, მას ჰქონდა იარაღი და შეეძლო გამოეყენებინა იარაღი და დაეწვა შენობა, თუმცა რადგანაც დაინახა, რომ შენობაში შემოსული იყო მანდატურის თანამშრომელი და რისკები იყო შესაფასებელი იმ კუთხით, რომ ადამიანის სიცოცხლე იყო პრიორიტეტი, გადაწყვიტა გასცლოდა ტერიტორიას და დანაშაულისგან ხელი აეღო. ქმედება გამიზნულად იყო განხორციელებული შაბათ დილით, რადგან შენობაში არ ყოფილიყო ვინმე. უქმე დღეა და მინიმალური ზიანი ყოფილიყო.
ემოცია ჰქონდა დაგროვილი და საბოლო წერტილი იყო 29 ნოემბრის დილის საათები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მას შეეძლო ცეცხლი წაეკიდებინა ნაცვლად იმისა, რომ გაქცევის მცდელობა ჰქონოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ტერორისტულ აქტზე, არცერთი ტერორისტი პრიორიტეტად არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. იარაღის გამოყენებით ის უმარტივესად შეაჩერებდა მანდატურის თანამშრომლებს და თავის გეგმას ბოლომდე მიიყვანდა. ელისაშვილს მიზნად არ ჰქონდა იარაღი გამოეყენებინა.
ზოგადად, ყოველთვის იარაღით გადაადგილდება აქედან გამომდინარე, იმ დღესაც ჰქონდა იარაღი. ტერორისტულ აქტს უნდა ჰქონდეს ტერორისტული მიზანი. ჩვენ ვერ ვხედავთ წაკიდებულ ცეცხლს, გამოყენებულ იარაღს",- აცხადებს ადვოკატი.
მისი შეფასებით, ელისაშვილის მოტივაცია თავიდან ბოლომდე ემყარებოდა უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტს და არა ძალადობრივი მოქმედების სურვილს.
„საზოგადოებაში ორად გაყოფილი მოსაზრებებია, ზოგს კონსპირაციის თეორიები ჰგონია, ზოგს არ სჯერა რომ ალეკო ელისაშვილია კადრებში. ალეკო ელისაშვილის მკაფიო განცხადება და მოთხოვნა იყო , რომ პირდაპირ გადმომეცა ის გზავნილები, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ ქმედება იყო მისი პროტესტის გამოხატვის ფორმა და სოლიდარობა პოლიტიკური პატიმრების მიმართ. ეს ქმედება გამოწვეული იყო იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ უამრავი ახალგაზრდა ადამიანი ციხეში გაუშვა. ეს მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყო",- განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატმა ისაუბრა ელისაშვილის ქმედების მიმართ საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ თეორიებზე, რეხვიაშვილმა, ბრალდებას, თითქოს ელისაშვილი ქმედება ფულის სანაცვლოდ შეასრულა „სრული აბსურდი" უწოდა.
„ალეკო ელისაშვილის ქმედებას ყოველთვის ფულის აღებასთან აკავშირებენ. 29 ნოემბრის ელისაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა და გამომძიებლები გაკვირვებულები იყვნენ თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ასეთ სახლში ცხოვრობდესო. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს იარაღები. გატაცებულია იარაღებით, ნადირობით, ტყეში სიარულით. ის ფაქტი, რომ ელისაშვილი ფულს იღებს კონკრეტული ქმედებისთვის, არის აბსურდი. ალეკო ელისაშვილი არანაირი ქონებას არ ფლობს და არასდროს შესულა რამე გარიგებაში არც ერთ ხელისუფლებასთან.
ელისაშვილი ფიქრობს, რომ ბრალის გადაკვალიფიცირება იყო კარგი შანსი იმისათვის, რომ ბოლომდე შური ეძიათ. სამაგალითოდ დაესაჯათ",- განაცხადა ადვოკატმა.