
ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან, რომელსაც საკუთარი პირადი დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის, რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებშია.
„საქართველოს ვერავინ გადაახტება რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობით. ასე რომ, ეს პროექტი პირველ რიგში არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებში და ამიტომაც, ეს პრიორიტეტი ვერსად წავა. შავის ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელმაც საქართველო რუმინეთთან უნდა დააკავშიროს და რომელმაც უნდა მისცეს შესაძლებლობა რეგიონიდან მწვანე ენერგიის გადაცემას ევროკავშირში, უპირველესად ევროკავშირის მოსახლეობის ინტერესებშია. ამას ვგულისხმობთ ჩვენ გონივრულ თანამშრომლობაში, ნაცვლად აქტივიზმისა, რომელსაც ხანდახან ვხედავთ ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა.