
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დღეს ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა. დელეგაციის წევრებს ასევე, სამუშაო სადილი ჰქონდათ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც დელეგაციის წევრმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, საქართველოდან ინდოეთში ეს ერთ-ერთი მაღალი დონის ვიზიტია.
მისი თქმით, ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.
„ბოლო წლებში ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რასაც მოწმობს ინდოეთის განზრახვა, რომ თბილისში სრულფასოვანი საელჩო გაიხსნას, რომელიც პრინციპში უკვე გახსნილია და ელჩის დანიშვნას ველოდებით. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე, საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე, უსაფრთხოებაზე. აქ ჩვენი ხედვები საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. ეს მნიშვნელოვან ბაზას ქმნის, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ინდოეთი მსოფლიოში მოსახლეობის სიდიდით პირველი ქვეყანაა, შესაბამისად, მისი პოლიტიკური წონა განუხრელად იზრდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინდოეთთან მჭიდრო კავშირები გვქონდეს. ბოლო წლებში, ინდოეთის ეკონომიკა საკმაოდ გაიზარდა. მისი ზრდის პოტენციალი შესამჩნევია. საუბარი გვქონდა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან ვაჭრობის ზრდის შესახებ“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს.
„დღეს 200 მილიონი ლარია, რაც კარგი მაჩვენებელი არ არის. მათ ინფორმაცია მივაწოდეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გამოვიდა. იმედია, ეს ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს ქართულ-ინდურ ურთიერთობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.