რეზონანსი
03.12.2025

წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“ - ჩვენი საახალწლო სურვილი იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც საზოგადოება იმყოფება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით, ერთმანეთისგან გარიყვით.

„წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“. ჩვენი, ყველას საახალწლო სურვილი იქნება მეტი სიკეთე, სიყვარული და პატივისცემა სუფევდეს ჩვენს ყოველდღიურობაში, რადგან არავის სიამოვნებს ის გარემო და მდგომარეობა, რომელშიც საზოგადოება იმყოფება. დაიღალა მოსახლეობა დაძაბულობით, შეურაცხყოფით, ლანძღვით, ერთმანეთისგან გარიყვით. მესმის, შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, თუნდაც პოლიტიკური, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილური, არ უნდა ძაბავდეს საზოგადოებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო სლოგანები ძირითადად უკავშირდება წლის მიხედვით მიღწეულ შედეგებს, წარმატებებსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც საზოგადოებას ქალაქის მიმართ ამოძრავებს.

„მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოტივატორია ყველა კარგი საქმის კეთების დროს - ეს არის სიკეთე. ვფიქრობ, უფრო მეტი სიკეთე გვმართებს ერთმანეთის, ჩვენი ქალაქის, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ; უნდა შევძლოთ და კეთილი ზრახვით, არა ბოღმითა და შურით ვაშენოთ ჩვენი ქალაქის, ქვეყნის მომავალი; სიკეთე უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი ჩვენი შვილების აღზრდის საქმეში, რათა მათ შეძლონ, ღირსეულად ემსახურონ საკუთარ სამშობლოს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×